არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის განხილვის დაჩქარებას ითხოვს

არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის დამუშავების განხილვის გაჭიანურებაზე საუბრობს. როგორც აბულაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, თუ კოდექსის პრობლემა არ მოგვარდა, დედაქალაქის გენგეგმაც ფარატინა ქაღალდად დარჩება. აბულაძემ კიდევ ერთ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, შენობის უსაფრთხოების შესახებ მთავრობის 41-ე დადგენილებამ და მის საფუძველზე შემოტანილმა რეგულაციებმა საპროექტო სამუშაოების შეთანხმების პროცედურა გაართულა. „ სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი პარლამენტში შესულია, თუმცა უკვე თვეებია მიმდინარეობს ჩასწორებები. ამ კოდექსმა უნდა გააუმჯობესოს ჩვენი საცხოვრისი და გარემო. მაგრამ თუ ნება არ იქნება, ნებისმიერი დოკუმენტი დარჩება ქაღალდად. ვინც ხელს უწყობს კოდექსის დაგვიანებას, ისინი მავნებლობენ და ხელს უშლიან წესრიგის დამყარებას. მე ვგულისხმობ როგორც არქიტექტორებს, ასევე, სამოხელეო სტრუქტურის წარმომადგენლებსაც. კოდექსის მიღება გვიანდება. თუ ამას არ ეშველა, გენგეგმაც ფარატინა ქაღალდად დარჩება. მთავრობის 41-ე დადგენილებამ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებზე, არაერთი პრობლემა შექმნა. ამ დადგენილების საფუძველზე შემოტანილმა რეგულაციებმა საპროექტო სამუშაოების შეთანხმების პროცედურა გაართულა. ამ დადგენილების საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მაგრამ შემოტანილია იმდაგვარი კომპონენტები, რომლებიც ნაჩქარევია და გასააზრებელია. 41-ე დადგენილებამ გაართულა პროექტირების პროცესი. ეს დოკუმენტი ხელმეორედ უნდა გაიაზრონ და მასში დატოვონ ის, რაც საჭირო და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით აბულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები