გიორგი აბაშიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს: კომპრომისი არავის უთხოვია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კომპრომისი არავის უთხოვია.

აბაშიშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან 6 თვის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება რეალურად, იყო ანგარიშსწორება ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე – პრეზიდენტ მარგველაშვილზე.

“რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ნახსენებ სიტყვა „კომპრომისს“, ეს არის არასწორი სიტყვა, ვინაიდან კომპრომისი არავის უთხოვია. ქართველ ხალხს სურს, აირჩიოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით და მათი ეს სურვილი არ შეეხება კონკრეტულად 2018 წელს მარგველაშვილის არჩევას. ქართველ ხალხს სურს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით 2018 წელს, 2023 წელს და ყოველ შემდგომ წლებში. შესაბამისად, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ ქართველი ხალხის ნებით და ამ უფლებით ვაჭრობას”,- განაცხადა აბაშიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის შესახებ, რომ კონსტიტუციის პროექტის განხილვა პირველი მოსმენით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებამდე არ დაიწყება.

“მმართველი გუნდის შიგნით წინააღმდეგობა არსებობს, რომ მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევა კვლავ პირდაპირი წესით მოხდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„კომპრომისის საფუძველზე, შეგვეძლო დაგვეტოვებინა მომავალ წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს უკავშირდება. საუბარი იყო იმაზე, რომ არსებული მოვლენების გათვალისწინებით, კომპრომისმა აზრი დაკარგა. ეს იყო კონკრეტული დეპუტატების პოზიცია. ამ საკითხზე კიდევ ერთხელ გვექნება მსჯელობა.
შეიძლება ვიფიქროთ ორ ალტერნატიულ გადაწყვეტაზე. საბოლოო ჯამში, პოზიცია პარლამენტის შიგნით უნდა ჩამოყალიბდეს“, -განაცხადა კობახიძემ.

როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსტიტუციის რეფორმის წინააღმდეგ დესტრუქციული გეგმა პრეზიდენტის მიერ შედგა და დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები