5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, რამდენიმე აქცია გაიმართა.
მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გალაღანში, მცირე საოჯახო ტიპის სახლს სტუმრობდა, სადაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად, დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა. ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 -მდე ტუიას, თელასა და კაკლის სახეობის ნერგები დაირგო.
ასევე, კამპანიის -„სუფთად ევროპისკენ“  ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობამ მიიღო.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.
გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით “გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა”(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას.
წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა ადამიანის კავშირი ბუნებასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები