შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები – ექსკლუზიური ინტერვიუ ბიზნესმენთან, რომელსაც 200 000 დოლარს სძალავდნენ

გაზეთი „პრაიმტაიმი“ გასულ კვირას, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე წერს. ცნობილია, რომ გამოძალვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა, ვინ ვის სძალავდა დიდი ოდენობით თანხას. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული თბილისში მცხოვრები ბიზნესმენია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე გაზგასამართ სადგურს ფლობს. ამავე გამოცემის ცნობით, ბიზნესმენს ფულს „კანონიერი ქურდების“ ჩარევით სძალავდნენ. საქმის მასალებში დევს ოპერატიული ფარული ჩანაწერები, რითიც ამ საქმესთან კრიმინალური ავტორიტეტების კავშირიც დასტურდება. ​სტატიის თანახმად, მოქალაქე ა.ლ., რომლისგანაც ზემოხსენებული პირები 200 000 დოლარს ითხოვდნენ, საავტომობილო გაზის ბიზნესით არის დაკავებული. როგორც სტატიიდან ირკვევა, სპეცოპერაციას წინ ფიზიკური ანგარიშსწორება უძღოდა. საქმის მთავარი ფიგურანტი კომპანია „სუპერ გაზი იტალია 2“-ის ერთ-ერთი მეწილე – კობა ფანგანია, რომელიც ამავდროულად, სხვა რამდენიმე კომპანიაში ფიგურირებს. იგი გახლდათ მეწილე შპს „საფე სერვისშიც“. ეს გახლავთ კომპანია, რომელსაც საქართველოში გაზგასამართი სადგურების აღჭურვილობა, ე.წ. კომპრესორები შემოჰქონდა. ა.ლ-მ სწორედ ამ კომპანიისგან შეისყიდა კომპრესორები, საკუთარი ბიზნესის გასამართად, თუმცა წლების შემდეგ, ეს საკითხი ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ქურდული გარჩევების საფუძველი გახდა. ვნახოთ, რას ჰყვება დაზარალებული ბიზნესმენი ა.ლ.: „ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩემ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ამ პიროვნებასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ის გახლდათ „საფე სერვისის“ მეწილე. მათგან მე შევიძინე კომპრესორი 2007 წელს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო დაზიანებული და დეფექტიანი, თუმცა მოვილაპარაკეთ და სიტუაცია გამოსწორდა. მიუხედავად იმისა, რომ ზარალი მოგვაყენა, კომპრესორი უკან მთლიანად არ დავაბრუნე და მხოლოდ ნაწილის გამოცვლაზე დავთანხმდი. ამის შემდეგ, არანაირი გართულება არ ყოფილა. 2007 წლის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა ჩვეულებრივ გრძელდებოდა ამ კომპანიასთან. ეს გახლდათ იტალიური კომპანიის წარმომადგენლობა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს მერე იგივე პრობლემა შეუქმნეს „გალფს“, ამ კომპანიამ მიმართა იტალიურ მხარეს და საბოლოოდ, აღმოჩნდა ისე, რომ დაკარგეს უფლება. „გალფის“ დირექტორატი ჩავიდა იტალიაში და ისე გააკეთეს, რომ საერთოდ დააკარგვინეს წარმომადგენლობის უფლება. კობა ფანგანთან შეხება არ მქონია. კომპანიას ჰყავდა სხვა პასუხისმგებელი პირი და მასთან ვურთიერთობდით. ჩვენ გვჭირდებოდა საქონელი, რომელიც მათ ჰქონდათ და ცხადია, წარსული გაუგებრობის გამო, ურთიერთობას ვერ გავწყვეტდით. მით უმეტეს, რომ მაშინ ის პრობლემა ჩვეულებრივ, ყოველგვარი გართულების გარეშე მოგვარდა. მოკლედ, ბოლო ურთიერთობიდან გავიდა 4 წელი, ამ ხნის განმავლობაში, არ გვქონია არანაირი დაძაბულობა და ცხადია, არც პრეტენზია გამოუთქვამს რაიმეზე. მოულოდნელად, 10 აპრილს შემომივარდა ოფისში, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დამემუქრა „კანონიერი ქურდებით“. მ ეტაპზე, სახელსა და გვარებს არ დავასახელებ, ვინაიდან გამოძიება გრძელდება და არ მინდა, ხელი შევუშალო. სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდნენ, რომ უნდა გადამეხადა 200 000 დოლარი და კომპანიის 25 პროცენტი გადამეფორმებინა მის ნდობით აღჭურვილ პირზე. მომთხოვეს, რომ ქურდული გარჩევის მიზნით, გავყოლოდი სტამბოლში. მე დავთანხმდი, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ, მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მეორე დილითვე დამირეკეს, გველოდებიან ქურდებიო და მსგავსი საუბარი… ამის შემდეგ, გვქონდა კიდევ რამდენიმე შეხვედრა და საბოლოოდ, გადაწყდა, რომ 29 მაისს სკაიპის მეშვეობით უნდა დაგვლაპარაკებოდნენ „კანონიერი ქურდები“, თუმცა შსს-ს მიერ იმავე დღეს დაიგეგმა სპეცოპერაცია და ორი გამომძალველი დააკავეს. თავად ფანგანი მანამდე, რამდენიმე დღით ადრე უკვე დაკავებული ჰყოლიათ, ოღონდ სხვა ბრალდებით”,- განაცხადა „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბიზნესმენმა, რომლის ვინაობასაც გამოცემა მისივე თხოვნით არ ასახელებს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შესაძლოა, საქმეზე კიდევ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მათ შორის, შესაძლებელია, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ორ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წაუყენონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები