მაკრონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საფრანგეთის პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, რიშარ ფერანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ფერანი ამჟამად რეგიონების საკითხებში მინისტრის თანამდებობას იკავებს.
პროკურატურამ გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მიიღო. პრესაში ფერანის ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
კერძოდ, დაიწერა, რომ ფერანის კომპანია 6 წლის წინ საოფისე ფართს მისი ცოლისგან ქირაობდა. ასევე, მედია წერდა, რომ პარლამენტის დეპუტატობის პერიოდში, ფერანმა მისი შვილი თანაშემწედ დანიშნა და ოთხი თვე პარლამენტის ფონდებიდან ხელფასს უხდიდა.
ამ ბრალდებებს მინისტრი უარყოფს.