წლის ბოლომდე დედაქალაქში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყობა

თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და დედაქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებულ შპს „კონსალტინგ გრუპს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება წლის ბოლომდე, თბილისში, 30 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას ითვალისწინებს.
ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კარლო ლაფერაძემ და შპს „კონსალტინგ გრუპის“ დირექტორმა, შაჰრიარ მოჰამმადიასლმა მოაწერეს.
თბილისის მერიამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, საზოგადოებრივი ტუალეტების მოსაწყობად, 30 ადგილი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის უფლებით გასცა.
„თბილისის მერიამ, პირველ ეტაპზე, უზრუნველყო 30 ერთეული რეტერატისთვის ადგილის გამოყოფა, სადაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები განთავსდება. ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ რეტერატები მსუბუქი კონსტრუქციის, ავტომატიზირებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ მიმართულებით, თბილისის მერია მომავალში აქტიურად იმუშავებს და საჭიროებების გათვალისწინებით, საზოგადოებრივ რეტერატებს ქალაქის მასშტაბით სრულად განათავსებს“, – განაცხადა კარლო ლაფერაძემ.
ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის სხვადასხვა რაიონში განთავსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული და ასევე, ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით აღჭურვილი იქნება. საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებული იქნება ბრაილის შრიფტი.
თანამედროვე, ავტომატიზირებული და ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას აუქციონში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს. მოიჯარე ვალდებულია, უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა, კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით.
საზოგადოებრივი საპირფარეშოს გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე, სპეციალური ბარათების (მაგ. „მეტრომანი“) მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები