საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით საუბარს ნაადრევად მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
მისი თქმით, ჯერ დოკუმენტზე პარლამენტს პირველი მოსმენითაც კი არ უმსჯელია.
”ვეტოსთან მიმართებაში საუბარი დოკუმენტზე, რომელზეც ჯერ პირველი მოსმენაც არ ყოფილა, ძალიან ნაადრევია”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის თქმით, ახლა საკითხი არის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოისმინეს პატივცემულმა საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა და დეპუტატებმა ის შენიშვნები, რაც საზოგადოებისგან მიიღეს.
”პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალური მოსმენა საზოგადოების ის იყო, რაც მე დავაფიქსირე პირველივე დღიდან. არ მომწონდა, რომ პროცესში საზოგადოების ჩართულობა პოსტფაქტუმ იყო. ეს არის ძალიან ლოგიკური კითხვა, რაც მქონდა საკონსტიტუციო კომისიასთან. რაღაცის ცვლილებას რომ აპირებ, არის კი საჭიროება ამ ცვლილების და მოგცა კი საზოგადოებამ მანდატი? არა იურიდიულად, რომ შეგიძლია კენჭი უყარო, არამედ პოლიტიკურად, იმისთვის, რომ შეცვალო ქვეყნის მთავარი დოკუმენტი?!
ეს არ იქნა თავიდანვე გათვალისწინებული. შემდეგ უკვე, პოსტფაქტუმ დაწერილი დოკუმენტი, რომელსაც ჰქონდა და აქვს ნულოვანი კონსენსუსის ხარისხი, რადგან ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა საკონსტიტუციო კომისია, არც ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ დაუჭირა მხარი, ეს დოკუმენტი იქნას განხილული. ახლა საკითხი არის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოისმინეს პატივცემულმა საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა და დეპუტატებმა ის შენიშვნები, რაც იყო საზოგადოებიდან.
ის, რაც თვითონ ათქმევინეს დარბაზიდან, ყველამ კარგად მოვისმინეთ და იმ აზრსაც აქვს ვალიდურობის და არსებობის უფლება, მაგრამ საინტერესოა, რამდენად მოისმინეს არა ის შეკითხვები, რაც თვითონ დაასმევინეს, არამედ ისინი, რაც საზოგადოებისგან იყო. მე ველოდები, რომ ამ თვალსაზრისით, იქნება ძალიან ყურადღებით გაანალიზებული ის განწყობა, რაც არის საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ – კონსტიტუცია ყველასია და ის ხალხის განწყობას, ნებას უნდა ექვემდებარებოდეს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები