ეკა ბესელია: ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის

„ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის“, -ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანომ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება და უფლებები ამ კანონით დაცული ყოფილიყო და შესაბამისად, ამ პოზიციას ისინი სასამართლოშიც დაიცავენ.
,,ამ კანონთან დაკავშირებით, არის რამდენიმე ასეული სარჩელი. ამას აქვს ერთგვარი კამპანიური და პიარული სახე. რაც შეეხება თავად არსს, სასამართლო ემზადება უკვე განმწესრიგებელი სხდომისთვის, ჩვენი წარმომადგენლები კი ამ პროცესისთვის ემზადებიან. ძალიან ძლიერი არგუმენტი გვაქვს, რომ ვიპოვეთ ერთ -ერთი საუკეთესო ბალანსი.
თუ თქვენ ნახავთ წამყვანი ევროპული ქვეყნების კანონმდებლობას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის მატარებელი. ჩვენ გვყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელსაც აქვს ყველაზე ფართო მანდატი. ის რეალურ დროში აკვირდება ფარულ ელექტრონულ კომუნიკაციას, რაც არ აქვს არც ერთი ქვეყნის პერსონალურ ინსპექტორს. ეს ზრდის დაცვის ხარისხს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის. იცით, დღეს როგორი მზარდია უსაფრთხოების თემა, ტერორიზმის საფრთხეები, როგორ გადაეწყო ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ამ საფრთხეების განეიტრალებაზე. ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან ბევრი, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება და უფლებები იყოს დაბალანსებული ამ კარგი კანონით. ამ პოზიციას ჩვენ დავიცავთ სასამართლოში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ე.წ. მოსმენების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები