კორძაია: არ გვაქვს პასუხი, როგორ მოხდა საზღვრის გადაკვეთა და როგორ გაატანეს ჟურნალისტი აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს

​აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი – თამარ კორძაია გამოეხმაურა. როგორც კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა , საგანგაშო ფაქტია ის, რომ ჩვენი ქვეყნიდან ადამიანი გაიტაცეს და პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო, ის დღეს აზერბაიჯანის ციხეში ზის. ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, საქართველო ნელ-ნელა უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაციას კარგავს.
„საგანგაშო და სამწუხარო ფაქტი მოხდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძლევა პასუხს, თუ როგორ მოხდა ამ ადამიანის საქართველოს საზღვარზე გადაყვანა. ფაქტობრივად, ადამიანი გაიტაცეს ჩვენი ქვეყნიდან, ჟურნალისტი, რომელიც საკუთარი მოვალეობის შესრულების გამო, დღეს ჩვენი მეზობელი ქვეყნის ციხეშია. არ გვაქვს არანაირი პასუხი, რატომ ვერ დაიცვა ჩვენმა სახელმწიფომ ეს ადამიანი. არ გვაქვს პასუხი, როგორ მოხდა საზღვრის გადაკვეთა და როგორ გაატანეს ის აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს. საგანგაშოა ის, რომ საქართველო ნელ-ნელა კარგავს უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაციას, განსაკუთრებით ჟურნალისტთა დაცვის თვალსაზრისით. ყველაზე საგანგაშო ამ მოვლენაში სწორედ ის არის, რომ ჟურნალისტი იქნა გატაცებული და დღეს ის აზერბაიჯანის ციხეშია“, – განაცხდა თამარ კორძაიამ.
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი გაუჩინარდა. აფგან მუხტარლი, ბოლოს, 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, თუმცა, ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს და მობილურიც გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში, აფგან მუხტარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. მისი ოჯახი და მეგობრები ეჭვობენ, რომ ის შესაძლოა, აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს. მუხტარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკითაა ცნობილი, ამის გამო ის იძულებული იყო, 2015 წლიდან თბილისში ეცხოვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები