„რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ უპარტიო მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნებზე თანამშრომლობას სთავაზობენ

„რესპუბლიკელებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს პოლიტიკური წარსული და გამოცდილება, არაერთხელ გვითანამშრომლია და ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზეც მხოლოდ ამ ორი პოლიტიკური პარტიის გაერთიანება არის შესაძლებელი“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
​კორძაიას თქმით, „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის რომელიმე სხვა პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებენ და საარჩევნო ბლოკში მხოლოდ 2 პარტია დარჩება, თუმცა ისინი ბლოკის კარს უღებენ კონკრეტულ ინდივიდებს, აქტიურ მოქალაქეებს, რომელთაც არ სურთ, რომელიმე პარტიის წევრი იყონ და მზად არიან, უპარტიოდ გახდნენ ბლოკის კანდიდატები თვითმმართველობის არჩევნებზე.
პარტიებთან თანამშრომლობის მსურველი მოქალაქეებისთვის მხოლოდ ორი დათქმა არსებობს.
„ ორივე პარტია ღია ვართ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ იაქტიურონ თვითმმართველობის არჩევნებში, არ სურთ იყონ რომელიმე პარტიის წევრი. ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას ჩვენი ბლოკის სახელით, დამოუკიდებლად იასპარეზონ, დამოუკიდებლად წარადგინონ საკუთარი გეგმები და ხედვები თვითმმართველობის არჩევნების წინ. ღია ვართ ყველა აქტიური ადამიანისთვის, რომელსაც უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ორი პირობაა მხოლოდ ამისათვის: უნდა იყონ ევროპული ღირებულებების მატარებლები და უნდა იყონ დეცენტრალიზების მომხრეები. ესენი უნდა იყვნენ ადამიანები, რომელთაც ძლიერი თვითმმართველობა სურთ საქართველოში“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, კორძაიას თქმით, ახალშექმნილ ბლოკს არჩევნებზე კანდიდატი თბილისის მერის პოსტზეც ეყოლება, თუმცა ამ დროისთვის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ბლოკისთვის საინტერესო და სასურველი კანდიდატი მერის პოსტზე ალეკო ელისაშვილია. ელისაშვილი, თავის მხრივ, რომელიმე პარტიის წევრობას გამორიცხავს, თუმცა “რესპუბლიკელები” მზად არიან, ელისაშვილს თავიანთი ბლოკის სახელით ასპარეზობის უფლება უპარტიოდ მისცენ.
„მერობის კანდიდატზე შეთანხმებულები არ ვართ. ალეკო ელისაშვილი არის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი თბილისი უკეთესი იქნება ქვეყნისათვის. მას არცერთი პარტიის წევრობა არ სურს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ მასთან ისე, რომ ის არ გახდეს პარტიის წევრი. ამაზე მიმდინარეობდა კონსულტაციები, რომელიც არ დასრულებულა. არ ვიცი, როგორ დასრულდება. ალეკო ელისაშვილი არის ძალიან საინტერესო კანდიდატი და საინტერესო იქნებოდა მასთან თანამშრომლობა. ამ წუთას ვზომავთ შესაძლებლობებს, მერობის კანდიდატი უნდა გვყავდეს, თუმცა ვინ იქნება ეს, ამის შესახებ დღეს დეტალურად ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები