ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტი და ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური დირექტორი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგის წარმომადგენლებს შეხვდნენ (ფოტო/ვიდეო)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, საქართველოში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი ოლუმუივა ბენარდ ალიუ და ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს დირექტორი ლუიშ ფონსეკა დი ალმეიდა იმყოფებიან.
„საქაერონავიგაციის“ მასპინძლობით, დღეს საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის მიღება გაიმართა, რომელსაც ICAO-ს პირველ პირებთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ICAO-ში კონსტანტინე ქავთარაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „საქაერონავიგაციის“ და საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიასაწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესხვა ხაზი საქართველოს მიერ, ბოლო წლებში საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის კუთხით მიღწეულ პროგრესს.
დოქტორ ბენარდ ალიუ: გუშინ ჩვენ შეხვედრები გვქონდა საქართველოს მთავრობასთან, სადაც მსოფლიო საავიაციო თანამეგობრობის სახელით გამოვხატეთ კმაყოფილება ბოლო 3-4 წლის მანძილზე ფრენების უსაფრთხოების კუთხით ნაჩვენები გაუმჯობესების, აგრეთვე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საჰაერო გზების მოდერნიზების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ გაუმჯობესება და არსებული სტანდარტების ამაღლება კვლავ გაგრძელდება. გამოვთქვამთ მზადყოფნას რომ კვლავაც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან და საქართველოც როგორც კარგი შედეგების მქონე სახელმწიფო თავის გამოცდილებას გაუზიარებს რეგიონის ქვეყნებს. ჩვენი რეკომენდაციაა სტაბილური განვითარების კურსის შენარჩუნება, საავიაციო ხელისუფლების ფინანსური და ინსტიტუციონალური გაძლიერება, ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება და სააერნაოსნო მომსახურების ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ფრენები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან საჰაერო ტრანსპორტით უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობა სულ უფრო აქტუალური ხდება. ბოლო 3 წლის მანძილზე საქართველომ ძალიან დიდი ზრდა აჩვენა მგზავრთა გადაყვანის კუთხით. ავიაცია მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ასევე ტურიზმის განვითარების კუთხით. მე ძალიან პოზიტიური პროგნოზები მაქვს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მომავალი განვითრების კუთხით.
მიღების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს ICAO-ს პარიზის ბიუროს დირექტორისაგან სერტიფიკატი გადმოეცა: „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მენეჯმენტსა და თანამშრომლებს გამორჩეული მიღწევებისათვის, ICAO-ს საქმიანობის უწყვეტი და უპირობო მხარდაჭერისათვის და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფაში შეტანილი დიდი წვლილისათვის“ – ნათქვამია ლუიშ ფონსეკა დი ალმეიდას ხელმოწერილ სერტიფიკატში“.

დამატებითი ინფორმაცია:
საქართველო გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოს – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სრულუფლებიანი წევრი 1994 წელს გახდა. როგორც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის („ჩიკაგოს კონვენცია“) ხელმომწერი სახელმწიფო, საქართველო უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვას და გატარებას სამოქალაქო ავიაციის დარგში. გაწევრიანების დღიდან ქვეყანამ საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების კუთხით არაერთ აუდიტს და რეგიონალურ ღონისძიებას უმასპინძლა.
საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საავიაციო უსაფრთხობისა და უშიშროების ზედამხედველობის ხარისხი, რაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჩატარებულმა იკაოს 2015-2016 წლის აუდიტებმა დაადასტურა: საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელმა 87.8% შეადგინა (58% – 2008 წლის აუდიტის დროს); საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის კუთხით მაჩვენებელი გახდა 82.73% (მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 66.6%, 23.3% გაუმჯობესება 2013 წელთან შედარებით); ICAO-ს სტანდარტების კანონმდებლობაში დანერგვის მაჩვენებელი გახდა 81.82% (მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 67.8%, გაუმჯობესება 2013წ. აუდიტთან შედარებით 59.09%); 2016 წელს, საქართველომ პირველად გადააჭარბა ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს და 64.52%-იანი შედეგი აჩვენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები