“ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ წმინდა მოციქულების იმისთვის, რომ გვწამს უფალი იესო ქრისტე, რომ შეგვიძლია – მას ლოცვით მივმართოთ, რომ ქრისტესნი ვართ” – მეუფე შიო

“დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, გადაარჩინა ფიზიკურადაც და სულიერადაც – დღევანდელი დღესასწაული მოწოდებაა ჩვენთვის, რომ მივბაძოთ მოციქულებს ქრისტეს სიყვარულსა და ერთგულებაში. უფალი ხომ მეტს არაფერს მოითხოვს ჩვენგან, გარდა მისდამი მთელი გულით სიყვარულისა, ერთგულებისა და მცნებების დაცვისა”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ თორმეტი მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს არის ამ წმინდა ტაძრის დღესასწაული, ვინაიდან ის აგებულია თორმეტი მოციქულის სახელზე.

ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ წმინდა მოციქულების იმისთვის, რომ გვწამს უფალი იესო ქრისტე, რომ შეგვიძლია – მას ლოცვით მივმართოთ, რომ ქრისტესნი ვართ. შეიძლება ითქვას, დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, გადაარჩინა ფიზიკურადაც და სულიერადაც.

ქრისტეს მოწაფეებმა სამოციქულო ღვაწლი აღასრულეს თავიანთი სიცოცხლის ფასად. თავდაპირველად, როდესაც ისინი იერუსალიმში ქადაგებდნენ, მათ დევნიდნენ, სცემდნენ, აპატიმრებდნენ, ყველანაირად ტანჯავდნენ და აწამებდნენ. შემდეგ, როდესაც ისინი საქადაგებლად წავიდნენ შორეულ ქვეყნებში, მიდიოდნენ უდაბნოებში, მიცურავდნენ ზღვებზე. როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული კორინთელებს, მათ უწევდათ უამრავი გაჭირვების და განსაცდელის გადატანა. იგი ჩამოთვლის ამ განსაცდელებს: „განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ზღვაში, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ავაზაკებისგან, განსაცდელი წარმართებისგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი ცრუ ძმებისგან; შრომით და რუდუნებით, ხშირად ღამისთევით, უძილობით, შიმშილით, წყურვილით, სიშიშვლით და სიცივით“ (II კორ. 11, 26-27).

აი, როგორ სიტყვებს ამბობს მოციქული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ყველაფერ ამას იტანდნენ და ხარობდნენ, რადგან მათი გულები იმდენად სავსე იყო სიყვარულითა და სიბრალულით ყველასადმი, რომ მათ არ შეეძლოთ ეს ქრისტესმიერი სიხარული მხოლოდ თავიანთთვის დაეტოვებინათ. მათ უნდა გაეზიარებინათ და გადაეცათ ეს სხვებისთვის.

იცოდნენ, რომ დროებითი შრომა და გაჭირვება მათ დიდ საზღაურს და გვირგვინებს მოუტანდა.

როგორც იცით, არცერთი მათგანი არ გარდაცვლილა თავისი სიკვდილით, ყველა მოწამებრივად აღესრულა, გარდა წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველისა. ისინი ან ჯვარს აცვეს, ან თავი მოჰკვეთეს, ან სხვაგვარად აწამეს.

ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი დღესასწაული მოწოდებაა ჩვენთვის, რომ მივბაძოთ მოციქულებს ქრისტეს სიყვარულსა და ერთგულებაში. უფალი ხომ მეტს არაფერს მოითხოვს ჩვენგან, გარდა მისდამი მთელი გულით სიყვარულისა, ერთგულებისა და მცნებების დაცვისა; და ვისაც უფალი უყვარს, ის მის მცნებებსაც იცავს, რადგან როცა შენ ვინმე გიყვარს, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ მისგანაც დაიმსახურო სიყვარული.

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს ასეთ შესანიშნავ სიტყვებს: „ჯეროვნად გიყვარდეს იესო ქრისტე, ეს არის სასუფეველი ცათა და ეს არის ნეტარება და ამაშია ურიცხვი სიკეთე“. თუ გვინდა, რომ ჩვენი სიყვარული უფლისადმი იყოს გულწრფელი, მაშინ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც, როგორც ამბობს უფალი, რომ ამ ორ მცნებას ეფუძნება მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი, ანუ ღვთისადმი სიყვარულსა და მოყვასის სიყვარულს. ესაა ყველაზე დიდი სათნოება. და ვისაც უყვარს ღმერთი, ის, რა თქმა უნდა, არ შეურაცხყოფს თავის მოყვასს, არამედ სიკეთეს უკეთებს მას, რადგან ახსოვს მაცხოვრის სიტყვები: „რაც გაუკეთეთ ერთ ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, ის მე გამიკეთეთ“ (მთ. 25, 40).

მაშასადამე, ღვთის სიყვარულთან დაკავშირებულია მოყვასის სიყვარული.

ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ მოყვასისთვის გაკეთებულ სიკეთეს ღმერთი მიიჩნევს, როგორც მისდამი გაკეთებულს, ამიტომ უხვად ავლენს გულმოწყალებას და გლახაკს კი არ ხედავს თავის წინაშე, ვისაც უნდა დაეხმაროს, არამედ იესო ქრისტეს სიდიადეს, რომელიც, ვიმეორებ, სხვისთვის გაკეთებულ სიკეთეს გვითვლის, როგორც მისთვის გაკეთებულს. ქრისტიანული ცხოვრების მიზანიც ხომ სწორედ ისაა, რომ არ გაგვინელდეს სიყვარული. ამისთვის ყოველთვის უნდა ვევედრებოდეთ უფალს და ვცდილობდეთ, გავაძლიეროთ ჩვენში სიყვარული ღვთისა, სიყვარული მოყვასისა, თუ გვინდა, რომ შევძლოთ ქრისტიანული ცხოვრება და შევასრულოთ ის დიდი მისია, რომელსაც გვაკისრებს სამოციქულო მემკვიდრეობა.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს იქნება საუკეთესო პასუხი სამოციქულო ეკლესიის მოწოდებისა, რომელიც განსაკუთრებით ძლიერად ისმის დღეს, როცა აღვასრულებთ თორმეტი მოციქულის ხსენებას.

მინდა, დიდი სიყვარულით მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის მოღვაწეობაც არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოში სამოციქულო მემკვიდრეობა გრძელდება, ვუსურვო მას ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მადლობა გადავუხადო მისი დიდი ღვაწლისთვის, რომელსაც იგი ჭეშმარიტად სამოციქულო მოშურნეობით აღასრულებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, თორმეტი მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ. მოციქულთა ლოცვით, სვეტიცხოვლის, საუფლო კვართისა და წმინდა სვეტიცხოვლის მადლით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ.

დღეს ჩვენთან ბრძანდება საქველმოქმედო ორგანიზაციის „გზა უფლისაკენ“ ხელმძღვანელი, ბატონი ოთარ ხონელი. ამ ორგანიზაციას დღეს შეუსრულდა ოცდახუთი წელი. მინდა, დაგლოცოთ, მოგილოცოთ. თქვენმა ორგანიზაციამ ძალიან ბევრი საქველმოქმედო საქმე აღასრულა ამ ოცდახუთ წელიწადში. ღვთის შეწევნა გქონდეთ ამ საღვთო საქმეში და კიდევ მრავალი სიკეთე გაგეკეთებინოთ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის.

ჩვენთან არს ღმერთი!”, – განაცხადა მეუფე შიომ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები