„საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსება არის ჩვენი ქვეყნისა და საფინანსო სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება“

„საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსება არის ჩვენი ქვეყნისა და საფინანსო სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს საფინანსო ინსტიტუტი საერთაშორისო ბაზრებზე ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს ყიდის. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საფინანსო სექტორის წარმატება და ქვეყნის წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
„პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს საფინანსო ინსტიტუტი საერთაშორისო ბაზრებზე ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს ყიდის. ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახდენენ ინვესტირებას, ენდობიან ეროვნულ ვალუტას. ეს არის სამწლიანი ობლიგაციები 11%-ის შემოსავლიანობით და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე, ისტორიაში პირველად, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაცია დაფიქსირდა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ურისკო განაკვეთი, ანუ ის განაკვეთი, რომლითაც მთავრობა სესხულობს, კიდევ უფრო დაბალი იქნება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საერთაშორისო ინვესტორები ენდობიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ეროვნულ ვალუტას. ეს ნამდვილად დიდი მოვლენაა და მინდა, ყველას მივულოცო. ეს 500 მილიონი ლარის რესურსი მიიმართება ქვეყნის ბიზნესის, საწარმოების, მეწარმეთა დაფინანსებისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ინექცია იქნება.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თანხის მოზიდვა მოხდა არა უცხოურ, არამედ ეროვნულ ვალუტაში. ანუ ინვესტორმა, რომელიც ობლიგაციას ყიდულობს, იცის, რომ მას ლარში გადაუხდიან იმ ვალს, რომელსაც დღეს „საქართველოს ბანკი“ მოიზიდავს. ანუ ის ენდობა ეროვნულ ვალუტას და საქართველოს, ენდობა იმ კურსს, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. ეს არის ქვეყნის ნდობა, ქვეყნის წინგადადგმული ნაბიჯი და გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები