წიგნის – „ქართველი ასულის შურისძიება“ წარდგენა გაიმართება

29 მაისს, 17:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ცნობილი თურქი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის აჰმეთ მითჰათ ეფენდის წიგნის – „ქართველი ასულის შურისძიება“ – თურქული და ქართული თარგმანების პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი ოსმალურიდან თანამედროვე თურქულ ენაზე თარგმნა მეცნიერმა და მწერალმა აბდულლაჰ თათაროღლუმ. წიგნი თურქულად გამოიცა 2015 წელს. გამოცემა ”ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის” ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა. აბდულლაჰ თათაროღლუსაგან მიღებული საავტორო უფლების საფუძველზე წიგნი ქართულად თარგმნა თამარ თევდორაძემ. ქართული თარგმანი საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა.
აჰმეთ მითჰათ ეფენდის (1844-1912) დიდი წვლილი მიუძღვის თურქული მხატვრული ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში. მან ერთ-ერთმა პირველმა შეიტანა დასავლური ელემენტები თურქულ ლიტერატურაში. მის კალამს ეკუთვნის 36 რომანი და 200-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები.
„ქართველი ასულის შურისძიება“ გამოქვეყნებულია 1889 წელს. ნაწარმოები მიეკუთვნება სამოგზაურო ჟანრს და მოგზაურის თვალით დანახული საქართველოა აღწერილი. მასში წარმოჩენილია რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი საქართველოს ყოფა და კულტურა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან 20-იან წლებამდე. რეალური ისტორიები შერწყმულია მხატვრულ გამონაგონთან.
რომანში უაღრესად დადებითად არის ასახული ქართული კულტურა, ტრადიციები, თავისუფლებისათვის მებრძოლ ქართველთა სულისკვეთება. ნაწარმოებში აღწერილია საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა ყოფა, მათ შორის, გერმანელთა დასახლებები და სხვ. რომანი მნიშვნელოვანია ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.
პრეზენტაციას დაესწრებიან მთარგმნელები: ბატონი აბდულლაჰ თათაროღლუ და ქალბატონი თამარ თევდორაძე, აგრეთვე, წიგნის თურქულ ენაზე გამომცემელი „ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ თავმჯდომარე ბატონი ომერ ფარუქ დემირთაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები