მიხეილ სარჯველაძემ და თამარ ბაგრატიონმა, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ შშმ ბავშვებსა და წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა – ახალი წელი მიულოცეს

მიხეილ სარჯველაძემ და პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს, შობა – ახალი წელი მიულოცეს. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯანდაცვის მინისტრი და პირველი ლედი ბავშვებისა და ხანდაზმულების საცხოვრებელ პირობებსა და სერვისებს ადგილზე გაეცნენ, მათ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვეს, ხოლო პერსონალს, გაწეული შრომისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს.

“მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია თითოეული ბავშვისა და ხანდაზმული ადამიანისათვის მხარდამჭერი და ღირსეული გარემოს შექმნა, რომელიც მათ კეთილდღეობას, ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნვას უზრუნველყოფს და სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატის დაწესებულება ბენეფიციარებისთვის ღირსეულ და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფს.

რაც შეეხება თბილისის ბავშვთა სახლს, სამ მცირე საოჯახო ტიპის სახლში, 21 არასრულწლოვანია განთავსებული, რაც მათთვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებს ქმნის. დაწესებულებებში, ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან 24-საათიანი საცხოვრისით, სრულფასოვანი კვებით, საჭირო მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებითა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.

მიხეილ სარჯველაძესა და პირველ ლედისთან ერთად, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძეც იმყოფებოდა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები