გიორგი ჯინჭარაძე – თქვენი ლოცვა, სიბრძნე და მამობრივი მზრუნველობა განსაკუთრებულ იმედს აძლევს თითოეულ ქართველს, მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს

“თქვენი ლოცვა, სიბრძნე და მამობრივი მზრუნველობა განსაკუთრებულ იმედს აძლევს თითოეულ ქართველს, მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს,” – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღისადმი მილოცვაში წერს.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, განსაკუთრებული მოწიწებით, უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს!

განუზომელია თქვენი ისტორიული ღვაწლი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის, ჩვენი ერის სულიერი აღორძინებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. თქვენი მრავალწლიანი მოღვაწეობა წარმოადგენს საქართველოს ერთიანობის, აფხაზეთის საზოგადოების სულიერი სიმტკიცის და ჩვენი ქვეყნის განუყოფლობის მტკიცე საყრდენს.

როგორც ერის სულიერი მამა, თქვენ გვაძლევთ სათნოების, შემწყნარებლობისა და თავმდაბლობის უმაღლეს მაგალითს. თქვენი ლოცვა, სიბრძნე და მამობრივი მზრუნველობა განსაკუთრებულ იმედს აძლევს თითოეულ ქართველს, მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და დღეგრძელობას. თქვენი ლოცვის ძალა და ღვთის მადლი დიდხანს ფარავდეს სრულიად საქართველოს!“, – წერს გიორგი ჯინჭარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები