გიგლა აგულაშვილი: მთავარი სადავო საკითხი არის „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა

ზარალი, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოზეა მიყენებული, არის დათვლილი იმ ნორმატიული ფორმულების შესაბამისად, რომელიც მოქმედებს დღეს საქართველოში, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა საწარმომ, რომელიც ახდენს გაფრქვევებს, გარემოს დაცვის სამინისტროში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უნდა წარადგინოს.
„ზარალი, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოზეა მიყენებული, არის დათვლილი იმ ნორმატიული ფორმულების შესაბამისად, რომელიც მოქმედებს დღეს საქართველოში. ეს ფორმულა მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს. ეს არ არის ფორმულა, რომელიც შეიქმნა რაღაც დროის შემდეგ და „ჯორჯიან მანგანეზს“ ამის თაობაზე ინფორმაცია აქვს.
ნებისმიერი საწარმო, რომელიც საქმიანობის პროცესში ახდენს გაფრქვევებს, გაფრქვევების გეგმას ათანხმებს სამინისტროსთან და, ამავე დროს, ამ პროცესში აუცილებლად მუშაობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე, რომელსაც წარმოადგენს სამინისტროში. დაინტერესდით, აქვს თუ არა წარმოდგენილი ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანას ასეთი დოკუმენტი სამინისტროში. დაინტერესდით, ხომ არ არის ყველა ის გაფრქვევა უკანონო, რაც იქ მიმდინარეობს დღესაც, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის შეთანხმება და არ არის სათანადო დოკუმენტი წარმოდგენილი“, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, მთავარი სადავო საკითხი არის „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა.
„სადავო იყო რამდენიმე საკითხი. ორი წლის განმავლობაში, მენეჯმენტთან ჩემი კომუნიკაციის დროს მთავარი მესიჯი იყო ის, რომ სადავო ხდება არა გარემოს ზიანის მიყენება, არამედ სადავო ხდება მოცულობა. მთავარი სადავო საკითხი არის მიყენებული ზიანის ოდენობა და ის ფორმულა, რომლითაც ჩვენ დავითვალეთ. ჩვენ ვერ ვიქნებოდით თვითნებურები და ჩვენი ნება-სურვილით, ჩვენი შეხედულებებით, სუბიექტურად ვერ შევაფასებდით ამას. ჩვენმა სპეციალისტებმა ნახეს პარამეტრები – სიგრძე, სიმაღლე, წონა, გაფრქვევის მოცულობა და ამ პარამეტრებზე დაყრდნობით დაიანგარიშეს ფორმულა.
ჩვენი შეთავაზება მენეჯმენტის მიმართ ყოველთვის იყო ასეთი: საკითხი სანამ სასამართლოშია, მხარეებს აქვთ ძალიან კარგი ლეგალური შესაძლებლობა, რომ შეთანხმდნენ. მაგალითად, თქვენ თუ მეუბნებით, რომ 300 მილიონი დარიცხული ზიანისთვის არის ბევრი, მითხარით, რამდენია ადეკვატური. რა ზიანი მიაყენეთ თქვენ გარემოს და რამდენია ეს, ათი მილიონი თუ ერთი მილიონი?! “ – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები