ბიზნესპროექტების განსახორციელებლად, ქართულ-ჩინური „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ შეიქმნა

საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ პეკინში, „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ღონისძიების ფარგლებში საპარტნიორო ფონდი „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ლიუ ჟიანმა პალატის გაერთიანების წევრად ოფიციალურად გამოაცხადა.
აქვე საპარტნიორო ფონდსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს და შანხაიში სიდიდით პირველ კომპანია CEFC-ის შორის ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტით, ქართულ-ჩინური „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ შეიქმნა.
„საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ ბიზნესპროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს. ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ინდუსტრია, ტურიზმი და სხვა – ეს არის ის სფეროები, რაშიც ახლად შექმნილი ფონდი ფულს დააბანდებს. ფონდის საწესდებო კაპიტალი 50 მლნ დოლარია“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები