“აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შედეგად გამოკვეთილი შეკითხვები “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდს უკავშირდება”

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის – თბილისი“ წევრების მიერ დავით ნარმანიას საკრებულოში დაბარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შედეგად არსებული შეკითხვები თბილისის საკრებულოსა და მერიაში “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდს უკავშირდება და შესაბამისად, არსებულ კითხვებზე პასუხი სწორედ მათ უნდა გასცენ.
,,აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნის მიხედვით ოთხი საკითხი გამოიკვეთა, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეული შეკითხვები გაჩნდა და რომლებზეც პასუხის გაცემის ვალდებულებას ოპოზიცია დღევანდელ მერს აკისრებს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აქედან სამი შეკითხვის ადრესატი დედაქალაქის ყოფილი მერია და დავით ნარმანია შეკითხვას, თუ რატომ გაიარა გზამ 2011 -2014 წლებში კომპანია „ბი-ეს-არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“კუთვნილ ტერიტორიაზე და რატომ არ გაიცა კომპენსაცია, პასუხს ვერ გასცემს.
ასევე საინტერესოა, თუ რატომ დაიკარგა 2012 -2014 წლების მიმოწერა კომპანიასა და მერიას შორის. ამ პერიოდშიც მერიასა და საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი იყო, ამიტომ აღნიშნულ საკითხზე პასუხი სწორედ მათ უნდა გასცენ.
რაც შეეხება მიწის ფასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, უპრიანი იქნებოდა, აუდიტის სამსახურს ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის მიემართა, რომელმაც 2 ჯერ დადო დასკვნა.
ერთადერთი შეკითხვა, რომელიც დღევანდელ თვითმმართველობასთანაა პირდაპირ კავშირში, აღნიშნული პროცესის 2015 წლის აპრილიდან 2016 წლის დასაწყისამდე გაგრძელებას უკავშირდება. ეს კი კანონში შეტანილმა ცვლილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთების გასხვისების უფლება ქალაქის თვითმმართველობას მიეცა. აღნიშნული საკითხი ცალსახად პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი, რაც იქიდანაც ჩანს, რომ 2015-2016 წლებში კომპანიისთვის „ბი-ეს-არ-სი დი ჯი დეველოპმენტი “ მიწის გადაცემის საკითხი საკრებულოში სამჯერ განიხილეს და ოპოზიციის დიდ ნაწილს მისთვის თანხმობა აქვს მიცემული“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები