საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადება წარმოადგენდა.
გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას ყურადღება გაამახვილა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის აუცილებლობაზე, სამიტზე საქართველოს პოზიციის დაფიქსირების მნიშვნელობაზე და ლიტვის პრეზიდენტს ნატო-ს სამიტის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკის აქტიურად წარმოჩენა სთხოვა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ალიანსის მხრიდან ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასპირანტი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს, ნატო-ში სამომავლო ინტეგრაციის კუთხით.
ლიტვის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს პრეზიდენტს ლიტვის, მისი ხელისუფლებისა და ლიტველი ხალხის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
ლიდერებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებების მიმდინარეობის საკითხები, მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები და უსაფრთხოების გამოწვევები.
დალია გრიბაუსკაიტემ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, ქვეყნის კეთილდღეობა და შემდგომი განვითარება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები