27 მაისს, აქციის -„ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, საქართველოს მუზეუმები დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებენ

27 მაისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თაოსნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქცია „ღამე მუზეუმში“ გაიმართება. აქციის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს. დამთვალიერებლების მისაღებად განსაკუთრებულად ემზადება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი.
როგორც მუზეუმის ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნონა ქარციძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, 27 მაისს 9-დან ღამის პირველამდე ქუთაისში გამართულ აქციაზე მისული დამთვალიერებელი ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიწოდებულ უნიკალურ ფოტომატიანეს, ქართული საჭურველისა და იარაღის გამოფენას, ახლახან აღმოჩენილ მე-15, მე-16 საუკუნის მუზარადს და სხვა მრავალ ქართულ საგანძურს იხილავს.
„აქციას „ღამე მუზეუმში“ საფუძველი 2005 წელს ჩაეყარა, 2015 წლიდან კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ტრადიციად დამკვიდრდა. წელს აქცია 27 მაისს გაიმართება. ჩვენმა მუზეუმმა თემად აირჩია „ქუთაისის სამოქალაქო“. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი შეეცადა, რომ შარშანდელთან შედარებით უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო და უფრო მეტი დამთვალიერებელი მოსულიყო. პროგრამები დავტვირთეთ შოუთი. აქცია საღამოს 9 საათზე დაიწყება და ღამის 1 საათამდე გაგრძელდება. გადაკეტილი იქნება მთლიანად მუზეუმის პერიმეტრი, რადგან რამდენიმე ლოკაცია იქნება, სადაც გამოფენა გაიმართება.
აქციაში მონაწილეობას ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლიც მიიღებს. პირველი გამოფენა პარლამენტის ბიბლიოთეკის გადმოცემული მასალების მიხედვით გაიხსნება. გამოფენილი იქნება მე-17 , მე-19 საუკუნის ფოტომასალა.
საექსპოზიციო დარბაზებში ამოსულ დამთვალიერებელს კი უნიკალური ქართული საჭურვლის და იარაღის გამოფენა დახვდება.
დამთვალიერებლების გარდა აქციის დღე საინტერესო იქნება მეცნიერებისთვის. სწორედ ამ გამოფენის მომზადების დროს აღმოჩნდა მე-15, მე-16 საუკუნის უნიკალური მუზარადი. ეს აქცია ერთგვარად ხელს შეუწყობს იმასაც, რომ სამეცნიერო მიმოქცევაში მოხვდეს ჩვენს მუზეუმში დაცული უნიკალური მასალა“, – განაცხადა ნონა ქარციძემ.
ამავე აქციის ფარგლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ თაოსნობით მუზეუმის მეგობართა ფონდის პრეზენტაციაც მოხდება.
როგორც ორგანიზაციის მარკეტინგის მენეჯერმა სოფიო ვაჭარაძემ განმარტა, ფონდში გაწევრიანება როგორც ფიზიკურ, ისე კომპანიებს შეეძლებათ. ფონდის მთავარი მიზანი კი მუზეუმის განვითარების მხარდაჭერა იქნება.
აქციაში „ღამე მუზეუმში“ აქტიურად არის ჩართული საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
როგორც პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილმა განაცხადა, აღნიშნული აქციით მუზეუმების პოპულარიზაციასთან ერთად, ფართო საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიგებს, თუ რა საგანძურს ინახავს ჩვენი მუზეუმები. გარდა ქუთაისისა, ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისის ეროვნულ მუზეუმში ფართო გამოფენას გახსნის, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციების გამოფენა მოხდება. „ეროვნული ბიბლიოთეკა ამ აქციის მხარდამჭერია. ჩვენ ქუთაისის ნაწილში იმ კომპონენტით ვართ ჩართული, რაც ფოტოგამოფენას ეხება. ერონული ბიბლიოთეკა საქართველოს ფოტომატიანის უნიკალურ ფონდს ფლობს, ამ ფოტომატიანის ნაწილი ქუთაისს და მის თემატიკას უკავშირდება. სწორედ ეს ფოტომასალა იქნა აქციისთვის გადაცემული და ვფიქრობ, რომ ამ გამოფენით დამთვალიერებელი ძალიან ბევრ ისტორიულ მასალას აღმოაჩენს.
რაც შეეხება თბილისს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ეროვნულ მუზეუმში ფართო გამოფენა იხსნება, რომელიც „ვეფხისტყაოსნების“ კოლექციის გამოფენას დაეთმობა. ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებიდან, „ვეფხისტყაოსნების“ დიდი ნაწილი გამოფენაზე იქნება გატანილი და არამხოლოდ ქართველ დამთვალიერებელს, არამედ უამრავ ტურისტს, ჩვენი საგანძურის ნაწილს გავაცნობთ.
ეროვნული ბიბლიოთეკა არ არის მხოლოდ საბიბლიოთეკო სივრცე და, აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ბევრი სამუზეუმო სივრცე უნდა შეიქმნას. თანამედროვე სამუზეუმო, საბიბლიოთეკო ინფრასტრუქტურა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა უნდა მოვახდინოთ ღია გამოფენების მიმართ, რომ უფრო მეტმა დამთვალიერებელმა იხილოს ჩვენი საგანძური. ჩვენ ფართოდ გვაქვს გაღებული კარი და როგორც ტურისტებს, ისე ადგილობრივ დამთვალიერებლებს თავისუფალი დაშვება აქვთ ჩვენს სამუზეუმო სივრცეებში. ახლა სრულდება წიგნის მუზეუმის მოწყობა და ივნისის თვეში გაიხსნება“, – განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები