„სტარტაპ საქართველო” ღია კარის დღეს მართავს

„სტარტაპ საქართველო“ დაინტერესებული პირებისთვის მორიგ „ღია კარის“ დღეს მართავს. 24 მაისს ოთხშაბათს, 18 საათზე, „სტარტაპ საქართველოს“ კოორდინატორები პოტენციურ აპლიკანტებს ტექნოლოგიურ პარკში შეხვდებიან.
„ღია კარის“ დღეზე მოწვეული არიან ასევე ის სტარტაპერები, რომელთა ბიზნესიდეებმა მიიღეს „სტარტაპ საქართველოს“ დაფინანსება და უკვე მუშაობენ პროექტის განხორციელებაზე. ინოვაციური კომპონენტის სტარტაპერები საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ და დასმულ შეკითხვებს უპასუხებენ.
„სტარტაპ საქართველოს“ 79 გამარჯვებული ჰყავს, აქედან 59 ბიზნესიდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის.
თბილისის მერიამ გამოყო ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს „ღია კარის“ დღეზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით: თბილისი-ოქროყანა, ოქროყანა-თბილისი. ავტობუსი 16:30-დან განთავსდება 9 აპრილის პარკის მიმდებარედ, ფხოვის ქუჩის დასაწყისში (ავტობუსი ოქროყანის მიმართულებით გავა 17 საათზე).
„სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნესპროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტგვერდზე: www.startup.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს „ცხელი ხაზი“: 2 03 31 23
დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო” მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.
„სტარტაპ საქართველო“ პოტენციური სტრატაპერებისთვის „ღია კარის“ დღეს ყოველთვიურად მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები