პროკურატურის წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურაში გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე სტუდენტები და დაინტერესებული პირები გაეცნენ პროკურატურის სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტაჟიორთა კონკურსის ეტაპებს, პროკურატურაში დასაქმებისა და განვითარების შესაძლებლობებს.
შეხვედრები თბილისის 9 უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა, რომელთა ფარგლებშიც პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, პროკურორის პროფესიულ საქმიანობასა და სტაჟირების სისტემაზე, სტუდენტებს საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მენეჯერები შოთა ტყეშელაშვილი, კოკა კაციტაძე, ნინო აღლემაშვილი და შოთა რიჟამაძე ესაუბრნენ. შეხვედრებში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები ნათია სონღულაშვილი, გიორგი გაბოძე, კონსტანტინე სირაძე და ანა კალანდაძე. ასევე, სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს პროკურატურაში ახლად დანიშნულმა პროკურორებმა და მოქმედმა სტაჟიორებმა ემზარ გაგნიძემ, თამარ ზაქუტაშვილმა, ლაშა ბიწაძემ და ირაკლი ქარდავამ.
საინფორმაციო შეხვედრებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კავკასიის უნივერსიტეტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA), ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა და საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლეს. ღონისძიებები სტუდენტების აქტიური ჩართულობით ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა დასვეს კითხვები და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია კვალიფიციური, კომპეტენტური და მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე კადრების მოზიდვა. საქართველოს პროკურატურამ სტაჟიორთა კონკურსი მიმდინარე წლის 15 მაისს გამოაცხადა და აპლიკაციების მიღება 6 დღეში დასრულდება. გამოცხადებული სტაჟირების კონკურსი არის საუკეთესო შესაძლებლობა როგორც უკვე კურსდამთავრებული და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირებისთვის, ასევე სამართლის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები