ოზურგეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები სრულდება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ჭანუყვაძე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაბა ლაითურში, სოფელ ბოხვაურსა და დაბა ნარუჯაში მოადგილესთან – ბადრი გობრონიძესთან ერთად გაეცნო.
23 აპრილს მომხდარი სტიქიის შედეგად, ოზურგეთის 25-მდე სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდა. დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა სოფელში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„დაზიანებული სახლების აღდგენითი სამუშაოები ყველა სოფელში მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის მილიონნახევარი ლარი გამოეყო. მინდა მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. აღნიშნული თანხით სულ 119 საცხოვრებელი სახლი გადაიხურა, ხოლო სამშენებლო მასალებით 262 ოჯახი დაკმაყოფილდება,“ – განაცხადა გამგებელმა.