ვენეციის კომისიის მდივანი: ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია

„ეს ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი და თუ თქვენ შეძლებთ საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევას სხვადასხვა საკითხზე, ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია“, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა დღეს, ბერლინში, განაცხადა, სადაც კონსტიტუციურ პროექტს განიხილავენ.
თომას მარკერტის განცხადებით, კომისია საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს პოზიტიურად აფასებს. ვენეციის კომისიის მდივანი კონსენსუსის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„როგორც იცით, ვენეციის კომისია დასკვნას 16 ივნისს მოამზადებს. ჩვენ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს მთლიანი პროცესის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ახალი კონსტიტუცია იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსენსუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ახალი კონსტიტუცია გრძელვადიანად მოქმედი იყოს“,- განაცხადა მარკერტმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესსა და მანდატების განაწილების სისტემას, ვენეციის კომისიის მდივანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საკითხებზე კონსენსუსი იქნას მიღწეული.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე კონსენსუსი იქნას მიღწეული. უნდა აღვნიშნოთ, ის, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლო პირდაპირი არჩევნების წესით ჩატარდება, რაც, ვფიქრობ, კომპრომისისთვის მზაობას აჩვენებს. რაც შეეხება მანდატების გადანაწილებას, დისკუსია ისევ გრძელდება და, ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ მოქმედი უმრავლესობის მზადყოფნა, რაც ძალიან პოზიტიური ნიშანია“, – განაცხადა თომას მარკერტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები