„ქვეყანა, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას და ბიუჯეტის შევსებას საკუთარი მიწის გაყიდვის ხარჯზე აპირებს, სახელმწიფო არ არის“
„მიწის გაყიდვა არ შეიძლება, როცა ტერიტორიები 22% დაბრუნებული არ გაქვს, როდესაც სადემარკაციო ხაზი არა გაქვს, როდესაც მცოცავი ანექსია მიმდინარეობს, როდესაც საზღვრისპირა ტერიტორიებზე რატომღაც იზრდება სხვა ქვეყნის მოქალაქეთა სოფლები. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩინელებს, კორეელებს, თურქებს, არაბებს, ინდოელებს, მაგრამ უცბად გაიზარდა მათი რაოდენობა, გაიზარდა იმ სოფლების რიცხვი, რომელიც მათ დაიკავეს“, – აღნიშნული განცხადება არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მიწის გასხვისების საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
ბარამიძის თქმით, აუცილებელია მიწის უცხოელებზე გასხვისება თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აიკრძალოს.
„მიწის გასხვისების აკრძალვა არის უმნიშვნელოვანესი, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ხელისუფლება განხილვებზე ისეთ აბსურდს საუბრობს, მოლა ნასრედინის ოხუნჯობებზე გადავიდნენ. საუბარია საერთო-სახალხო განხილვაზე და 95% საქართველოს მოსახლეობისა ამბობს, რომ ჩვენ ამ ეტაპზე მიწების უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგი ვართ.
ტერიტორიებდაკარგული ქვეყანა, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას და ბიუჯეტის შევსებას საკუთარი მიწის გაყიდვის ხარჯზე აპირებს, სახელმწიფო არ არის, ეს ქვეყანა არ არის. იქიდან შემოსული თანხები არის იუდას 30 ვერცხლი.
ესენი საუბრობენ ილიას გზაზე. ილია ერის მამად აღიარეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრწყინვალე პროზაიკოსი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის უდიდესი მოღვაწე იყო.
2 საუკუნის წინ ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო, საადგილმამულო ბანკი ჩამოაყალიბა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის ინვესტიციებით შემდგარ ბანკებში ჩადებული ჩვენი გაღატაკებული მოსახლეობის და თავადაზნაურების მიერ ჩალის ფასად ჩადებული ქართული მიწები უკან გამოესყიდა. მან დაიბრუნა ეს. ილიამ მიწები დაგვიბრუნა, ესენი ყიდიან და ცინიკურად ამას „ილიას გზას“ არქმევენ.
როდესაც 400 000 ლტოლვილი გვყავს ტერიტორიებდაკარგულ ქვეყანას და ვერ დაგვისაქმებია, მიწებზე ვერ დაგვიმაგრებია, როდესაც 1 400 000-მდე ადამიანი ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად წასულია და ვერ ჩამოდის, ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები საქართველოში დააბრუნოს და ფინანსურად გამყარებული პროგრამა შექმნას, ეს არ აინტერესებს და ამბობენ, მიწები უნდა გავყიდოთ, უცხოელი ინვესტორები ამას ვერ გაიგებენო. არის ქვეყნები, სადაც საერთოდ არ იყიდება მიწები“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.