მიხაელ ზიბერტი: საქართველომ მოკლე პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
საქართველომ მოკლე პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა მიხაელ ზიბერტმა ბერლინში კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობისას განაცხადა.
მისი შეფასებით, კონსტიტუციურ კანონპროექტში ბევრი რაციონალური კომპონენტია ჩადებული.
„ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, განსაკუთრებული პატივია, მივიღო მონაწილეობა ამ იურიდიული დარგობრივი კონფერენციის გახსნაში. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და, იმავდროულად, იურისპრუდენციის დოქტორთან ერთად, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს დიუსელდორფის უნივერსიტეტს, ერთად გავხსნა კონფერენცია.
თქვენ, ფაქტობრივად, გერმანულ იურიდიულ სკოლას წარმოადგენთ. ასევე, ბატონი ლადო ჭანტურია, რომელიც, გარდა იმისა, რომ არის საქართველოს ელჩი გერმანიაში, წლების განმავლობაში იყო GTZ- ისა და GIZ-ის სრულუფლებიანი საგანგებო წარმომადგენელიც. ქართულ -გერმანული სამართლებრივი ურთიერთობები, ორმხრივი ნაყოფიერი აზრთა გაცვლა, გაზიარება, არ სრულდება კანონზე თუ კანონპროექტზე, თუ კონსტიტუციის შესახებ კონსულტაციით.
ჩვენი აზრით, საქართველომ ძალიან მოკლე პერიოდში ძალიან მაღალ დონეს მიაღწია, მართლმსაჯულება არის ფაქტობრივად შემადგენელი ნაწილი ამ მიმართულებისა. მინდა ვთქვა, რომ საქართველო გასული 20 წლის განმავლობაში, ძალიან პროგრესული ქვეყანა იყო და რჩება ასეთად.
წინამდებარე კანონპროექტში ძალიან ბევრი რაციონალური კომპონენტია ჩადებული. პირველ რიგში, სახელმწიფო მიზნების განსაზღვრა, ასევე, ძირითადი უფლებების სუბიექტური კომპონენტები და, ზოგადად, პარლამენტის გაძლიერების აქცენტი. კონსტიტუცია არის კონსტიტუციური რეალობა, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ეს არის სამართლებრივი კულტურა, პოლიტიკა და სოციალური ურთიერთობები კონსტიტუციურ ჭრილში”, – განაცხადა მიხაელ ზიბერტმა.