მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დაარსების 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, დღეს, ეროვნული სასახლის, არაფორმალური განათლების ლიდერი ორგანიზაციის, უმნიშვნელოვანესი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დაარსების 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
ეროვნული სასახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასახლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს და თანამშრომლებს მადლობის სიგელები ქ. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ქ.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გადასცეს. მათ ასევე, ეროვნულ სასახლეს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცეს. სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ სასახლის თანამშრომლებს, აღსაზრდელებს და მოწვეულ სტუმრებს სასახლის იუბილე მიულოცა, საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის კი მადლობა გადაუხადა. მან ასევე, სასახლის საქმიანობასა, სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრა.
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ და სასახლეს იუბილე მიულოცეს ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა, კულტურის, მეცნიერების, სხვადასხვა სფეროს სახელოვანმა წარმომადგენლებმა, მათ შორის, სასახლის აღზრდილებმა, მეცენატთა კლუბის წევრებმა, სასახლის მეგობრებმა და საქმიანმა პარტნიორებმა.
მათივე ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიალში ეროვნული სასახლის აღსაზრდელებთან, მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად, მონაწილეობა ცნობილმა მუსიკოს – შემსრულებლებმა, საოპერო მომღერალმა მარიამ ნაჭყებიამ, მუსიკოსმა თამილა ჩიხრაძემ და სხვა პირებმა მიიღეს.
„ქეთო და კოტეს“ აივანზე მევიოლინეთა ანსამბლმა „სიმმა“ კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა.
სასახლის დარბაზებში და სივრცეებში, სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის, ჭედურობის, ფოტოხელოვნების წრეების მოსწავლეების ნამუშევრები გამოიფინა.
მოწვეული სტუმრებისთვის, სასახლის 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი, მისი მდიდარი ღირებული ისტორიის, აქტიური საქმიანობის, გამოწვევებისა და სამომავლო ხედვების ამსახველი სატელევიზიო-დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.
