მარნეულისა და აჭარის 4 საჯარო სკოლაში გამოცდების დაწყება ელექტროენერგიის შეფერხების გამო დაგვიანდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, მარნეულისა და აჭარის 4 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოსაშვები გამოცდების დაწყება ელექტროენერგიის შეფერხების გამო დაგვიანდა.
როგორც მიმინოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის 3 სკოლაში პრობლემა უკვე გამოსწორებულია.
”47 ათასზე მეტი მეთორმეტე კლასელი იღებს მონაწილეობას და გამოცდა ერთდროულად ტარდება 1500-ზე მეტ სკოლაში. 1500 სკოლიდან მხოლოდ 4 მათგანს შეექმნა პრობლემა, თუმცა ამ დროისთვის ელექტროენერგია 3 სკოლაში უკვე აღდგა და მეოთხე სკოლასაც მალე აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა. მისივე ინფორმაციით, 20:00 საათისთვის იმ მოსწავლეების რაოდენობა უკვე ცნობილი იქნება, რომელთაც ბარიერი გადალახეს.
საქართველოს 1 500-ზე მეტ სკოლაში გამოსაშვები გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დღეს დილის, 09:00 საათზე დაიწყო.
გამოცდებისათვის 48 000-ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში (ქართული, უცხო ენები, ისტორია, მათემატიკა) ჩააბარებენ.
გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური გამსვლელი ქულაა 5.5. შეფასების ათვლა წყება 5 ქულიდან და ზღვრის გადასალახად მოსწავლემ დაახლოებით, 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.
მათივე ინფორმაციით, მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ. გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება.
„გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.