გიორგი აბაშიშვილმა რეაბილიტირებული ოსური სახლი გახსნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, ეთნოგრაფიულ მუზეუმში რეაბილიტირებული ოსური სახლი გახსნა.
ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმში ოსური კარ-მიდამოს რესტავრაცია და კომპლექსური მოწყობა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა ქართველი და ოსი ხალხის საერთო წარსულის მეხსიერების შენარჩუნებასა და ისტორიული კულტურის ერთიანობის წარმოჩენას.
„ამ მუზეუმის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ექსპონატები მთლიანობაში, ქართულ კულტურას ასახავს. იმ ყოფას, თუ როგორ ცხოვრობდნენ და როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დაზიანებული ოსური სახლის რეაბილიტაცია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოსური კულტურა მთლიან, ქართულ სივრცეში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ჩვენი ოსი მოქალაქეები, როგორც ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ასევე, დანარჩენ საქართველოში, ძალიან მდიდარი კულტურით გამოირჩევიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი მონახულების საშუალება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
ოსური სახლი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება და ჯავის რაიონის სოფელ სოხთადან 1975 წელსაა ჩამოტანილი.
პროექტის თანადამფინანსებელია საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები