შსს-სა და ლიტვის ეროვნულ პოლიციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსმა, ლინას პერნავასმა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ურთიერთგაგების მემორანდუმი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას დანაშაულის პრევენციის, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო განათლების მიმართულებით. ამ მიზნით, ჩატარდება ერთობლივი სემინარები და განხორციელდება სასწავლო ვიზიტები.
ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლიტველი სამართალდამცველები შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონულ სამმართველოს ესტუმრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლისა და დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობები განიხილეს და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
დელეგაციის წევრები ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის მუშაობით დაინტერესდნენ და პროგრამის ფარგლებში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს, მათ შორის, ინციდენტთა აღრიცხვის საინფორმაციო სისტემას, ასევე, გორის რაიონული სამმართველოს ანალიტიკოსების მიერ შექმნილ რამდენიმე ახალ პროექტს გაეცნენ.
ლიტვის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს შს სამინისტროში პროგრამის – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ – ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საპოლიციო საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები