საპარტნიორო ფონდმა და “ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურმა ჯგუფმა”საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამა დაიწყო

“ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურმა ჯგუფმა” „საპარტნიორო ფონდთან“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამა დაიწყო. პროგრამის პრეზენტაცია სამეგრელოს რაიონის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში შედგა.
სასწავლო პროგრამის პრეზენტაციაში მონაწილეობა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იურა ნოზაძემ, “ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფის” დამფუძნებლებმა, ქართული ჩაის ქარხანა “ლაზისა” და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. სწავლების მიზანია მაღალი ხარისხის ჩაის გადამუშავების და მექანიზებული ოპერირების ტექნოლოგიების გაცნობა.
ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 500.000 დოლარს შეადგენს, რამდენიმე ნაწილისგან შედგება და სასწავლო პროგრამას, ჩაის პლანტაციის გაშენებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას მოიცავს.
საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამის მონაწილეებს პრეზენტაციაზე სიტყვით საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ მიმართა.
„ჩვენს ქვეყანას ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობები გააჩნია და რაც მთავარია, აზიის და ევროპის ბაზრებზე დამკვიდრების კარგი შესაძლებლობა აქვს. საპარტნიორო ფონდისა და “ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფის” ერთობლივი პროექტით, საქართველოში შეიქმნება ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომელიც საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, ჩაის წარმადობის, ხარისხის ამაღლებას და რეგიონებში დასაქმებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ.
საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამის პრეზენტაციის ფარგლებში, ჩინურმა მხარემ სოფლის მეურნეობის სამინიტოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ჩაის მრეწველობის სამეცნიერო კვლევებს, საერთო პროექტების შემუშავებას, ჩაის სადემონსტრაციო პლანტაციების შექმნას, ახალი ჩაის პლანტაციების გაშენებას და არსებულის რეაბილიტაციას, ჩაის ხარისხის გაუმჯობესებას და საერთო ძალებით მუშაობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი თბილისში, გასული წლის 11 მაისს საპარტნიორო ფონდს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინურ კომპანიებს “BeijingJinfenghengyeAgriculturalDevelopmentCo., Ltd.” და “XinjiangHualing&Trade (Group) Co. Ltd” -ს, შორის გაფორმდა.

“ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფი” საქართველოში კომპანია “XinjiangHualing&Trade (Group) Co. Ltd”-ის მიერ არის დაფუძნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები