„საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი“ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ესეების კონკურსს აცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი“ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ესეების კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანსა და სხვა დეტალებზე „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაციის წევრებმა ისაუბრეს.
„ერთი კვირის წინ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 42%-ი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა არის ცუდი მოვლენა. ზემოთ მოყვანილი სტატისტიკის გათვალისწინებით, ჩვენს პირად მოვალეობად ვთვლით საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში ეროვნული თემატიკისა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 26 მაისის მნიშვნელობის აქტუალიზაციას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივა, ესეების კონკურსთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, რუსული რბილი ძალის გააქტიურების პირობებში, უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მივუდგეთ ეროვნულ თემატიკას“, -განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა, ნინი ხუჭუამ.
„საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტის “ ერთ-ერთი წევრის, ლიაკო ლალუაშვილის თქმით, ჟიური სამ საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს, დაჯილდოების ცერემონია 26 მაისს, „დიდუბე პლაზაში“ გაიმართება.
„კონკურსის მიზანია, მონაწილეებმა დააფიქსირონ საკუთარი აზრი, თუ რას ნიშნავს მათთვის 26 მაისი და ეს მოსაზრება გააცნონ ფართო აუდიტორიას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 24-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. ესეს შინაარსი უნდა ეფუძნებოდეს უშუალოდ საქართველოს დამოუკიდებლობის თემატიკას. ესე უნდა შეიცავდეს 300-400 სიტყვას და ის კონკურსანტმა ელექტრონული ვერსიით უნდა წარმოადგინოს. ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. ნაშრომებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც სამ საუკეთესო ესეს გამოავლენს. პლაგიატის შემთხვევაში, ნაშრომი არ განიხილება. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდებიან. კონკურსი 13 მაისს დაიწყო და 23 მაისს დასრულდება. დაჯილდოება 26 მაისს, „დიდუბე პლაზაში“ გაიმართება. ჟიურის მიერ შერჩეული სამი კონკურსანტი საკუთარ ნაშრომს წაიკითხავს. კონკურსში მონაწილეების მსურველებმა ესეები უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: gism.media@gmail.com. ვიმედოვნებთ, რომ აქტივობა იქნება მაღალი და ბევრი ახალგაზრდა მიიღებს კონკურსში მონაწილეობას“, -განაცხადა ლიაკო ლალუაშვილმა.
პროექტის პარტნიორები არიან : ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპს საქართველოს უნივერსიტეტი, შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები