გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა, ნუნუ ავსიანიკოვამ და პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, სოფიო შამანიდმა პროგრამის – „ვისწავლოთ ქართული“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ 2015 წლიდან საქართველოს 3 რეგიონში: ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და კახეთში ხორციელდებოდა.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისში პროექტი დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ და ფრაქციასთან არსებული „ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს“ ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანი ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლაა.
პროგრამა მსურველთათვის ქართული ენის სწავლების 3-თვიან საფეხურს გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებს სწავლისთვის საჭირო ნივთები უფასოდ გადაეცემათ. აღნიშნული კურსები, თბილისში 2017 წლის თებერვლიდან დაიწყო და ამ დროისთვის სწავლების 3-თვიანი საფეხური 20-მა მსურველმა წარმატებით გაიარა. ქართული ენის შემსწავლელი კურსები, რომლებიც „თბილისის მეგობრობის სახლში“ მიმდინარეობდა, ეროვნული უმცრესობებისთვის სექტემბრის თვიდან კვლავ განახლდება.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას თბილისის საკრებულოში, ფრაქციასთან – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი რიტა ხიდირბეგიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და პროექტის – „ვისწავლოთ ქართული“ პედაგოგები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები