სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებით, რეგიონებში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურაში გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებს ბათუმში, ქუთაისში, გორსა და ახალციხეში არსებულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა უმასპინძლეს.
სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებით, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით შეხვედრების ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში –  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე ანზორ უსტიაძე და ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე ირაკლი გაჩეჩილაძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი ოლქის პროკურორებთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში – სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი მალხაზ კაპანაძე თანამშრომლებთან, ხოლო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი პროკურორთან ერთად შეხვდნენ.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, რადგან თითოეულმა მათგანმა საქართველოს პროკურატურაში კარიერა სწორედ სტაჟირების კონკურსის გავლით დაიწყო. შეხვედრაზე სტუდენტებთან პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, პროკურორის პროფესიულ საქმიანობაზე, სტაჟირების სისტემაზე, პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და უპირატესობებზე ისაუბრეს და სტუდენტებისთვის აქტუალურ საკითხებზე დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია კვალიფიციური, კომპეტენტური და მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე კადრების მოზიდვა. აღნიშნული შეხვედრების მიზანია ახალგაზრდების განვითარებისა და დასაქმების მოტივაცია.
საქართველოს პროკურატურამ სტაჟიორთა კონკურსი მიმდინარე წლის 15 მაისს გამოაცხადა და აპლიკაციების მიღება 9 დღეში დასრულდება. გამოცხადებული სტაჟირების კონკურსი არის საუკეთესო შესაძლებლობა როგორც უკვე კურსდამთავრებული და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირებისთვის, ასევე, სამართლის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები