„განა მოდას ექვემდებარება სამშობლოს განცდა?“ – ნათელა გოხელაშვილის პარიზი და თბილისი  

ბავშვობიდან ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“… ლექსების წერაც ბავშვობიდან დაიწყო… მისი მოღვაწეობის პერიოდი საქართველოს უახლესი ისტორიის მძიმე ხანას – გასული საუკუნის 90-ან წლებს დაემთხვა. ნანახი და განცდილი ლექსებად და ჩანახატებად ცოცხლდებოდა…
8 კრებულის ავტორია.  მისი მთელი შემოქმედება პატრიოტულ და რელიგიურ თემებს მოიცავს. ამბობს, რომ ეს არის ის, რაც ტკივა, ყვარს და აწუხებს. ეს არის სულის ამოძახილი. გამორჩეულია ლექსები საფრანგეთზე,  ამ ციკლის ფრანგულად გამოცემას აპირებს… – მწერალ ნათელა გოხელაშვილის პერსონა.

– დავიბადე გორის რაიონის, სოფელ ძევერაში. ჩემი მშობლები  პატიოსანი, მშრომელი ადამიანები იყვნენ, უყვარდათ სამშობლო და მეგობრები.
კარგად მახსენდება, ჩემს ბავშვობაში, სოფელ-სოფელ ჩატარებული კონცერტები.
ლექსებს კარგად ვკითხულობდი და ზეპირად ვიცოდი „ვეფხისტყაოსანი“, ვაჟა-ფშაველას პოემები და კიდევ ბევრი სხვა.
– პირველი ლექსი მინდორში დაიწერა,  დაბადების დღეზე… ვინ იყვნენ პირველი შემფასებელნი? ალბათ და-ძმები, თქვენ ხომ მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდეთ…
– პირველი ლექსი მინდორში,  ჩემი დაბადების დღეზე დავწერე. ლექსი ეძღვნებოდა მინდვრის ყვავილებს – გვირილასა და სოსანს. ლექსს ერქვა „გასაუბრება გვირილასი და სოსნის“.
ჩემი ლექსების პირველი შემფასებლები იყვნენ ჩემი და ვერიკო, ასევე ჩემი მასწავლებლები, – თამარ კეჩხუაშვილი და ქეთევან ჯავახიშვილი.
დავიბადე მრავალშვილიან ოჯახში, 3 და, და 2 ძმა ვართ.
– გაიხსენეთ სტუდენტობა…
– ვსწავლობდი  ქართული ენისა და ლიტერატურის დაუსწრებელ ფაკულტეტზე. ძალიან მიყვარდა ოთარ ჩხეიძის ლექცია, ვცდილობდი, მისთვის მიმებაძა. ის ხომ თხემით ტერფამდე ინტელიგენტი იყო.
– საქართველოს უახლოესი ისტორიის მძიმე პერიოდში უამრავი ჩანაწერი და ლექსი დაწერეთ…
– 1989 წლიდან, როცა ეროვნულმა მოძრაობამ მიტინგები დაიწყო, ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ვიყავი.
არასდროს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი, რადგან ვთვლიდი, რომ ჩემი პარტია საქართველო იყო და სადაც დავჭირდებოდი მას, მეც იქ უნდა ვყოფილიყავი.
ჩემი შემოქმედება, ძირითადად, ამ პერიოდს მოიცავს, იმ დროის განცდილსა და ნანახს ქაღალდზე ვაცოცხლებდი და ლექსებისა და ჩანახატების სახით ვაქვეყნებდი პრესაში: ,,არჩევანში“,  ,,ზვიადის გზაში“ და მზეკაბანში“…
– სიმართლე 90-იან წლებზე… თქვენ უამრავი ჩანაწერი გაქვთ…
ვფიქრობ, 90-იანი წლების ისტორია მკითხველამდე ისე მივიტანე, როგორც
ამას ვხედავდი.
90-ანი წლები საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე საშინელი პერიოდი იყო, ვიდრე რომელიმე ისტორია ღალატისა, რაც ჩვენმა ისტორიამ იცის. ეს იყო ძმათამკვლელი ომი, რომელმაც საქართველოს გენოფონდი თითქმის მოსპო. რა თქმა უნდა, იყო საქართველოს თავისუფლებას შეწირულთა დიდი მსხვერპლიც, მაგრამ ერთმანეთთან ბრძოლამ უფრო მეტი მსხვერპლი მოგვიტანა და ამას გამართლება არა აქვს.
ახალგაზრდა, პირტიტველა ქართველი ჭაბუკების გამოუცდელობით ისარგებლა იმპერიულმა აგენტურამ, ცრუ ინფორმაციებით მოატყუა და სათავისოდ გამოიყენა ეს ბიჭები. უმრავლესობა აფხაზეთის ომში დაიღუპა და ამით სამშობლოს სიყვარული დაამტკიცა. ისინი მიხვდნენ, რომ გამოიყენეს, მაგრამ რა? ქვეყანამ ტერიტორიები და შესანიშნავი ქართველები დაკარგა. ამ დაპირისპირებამ ბაზალეთის ომი დაჩრდილა. მე ასე მგონია.
მინდა, რომ აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი ომი, ამიტომ მინდა, ჩვენმა მომავალმა თაობამ გაიგოს და წაიკითხოს ისტორია, რომელიც თვითმხილველთა მიერ არის მიწოდებული, მინდა, რომ ვეღარავინ გამოიყენოს ჩვენი გამოუცდელი ახალგაზრდობა. მათი სიყვარული სამშობლოსადმი ვერ გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისათვის და ფარად ვეღარ აიფარონ.
– კრებულ „თმოგველში“ 90-იანი წლების ისტორია აისახა…
– წიგნი ,,თმოგველი“ სწორედ  90-იანი წლების ისტორიაა.
მოთხრობის გმირი, რომელიც ისტორიას ყვება, თმოგვიდანაა და ამიტომ ჰქვია წიგნს ,,თმოგველი“.
– რვა კრებულის ავტორი ხართ… ახალი წიგნი „სნაიპერი“ აფხაზეთის და შიდა ქართლის ომის გმირებს ეძღვნება, სნაიპერი ცოცხალი  გმირია…
– ახალი წიგნი „სნაიპერი“ აფხაზეთისა და შიდა ქართლის ომის გმირებს ეძღვნება. სნაიპერი  ცოცხლად გადარჩენილი გმირია, მე მას ვიცნობდი, ვიცოდი მისი ბრძოლების ისტორია და გადავწყვიტე, მკითხველისთვისაც გამეცნო. მგონი, შევძელი.
 90-ანი წლების ომების მერე, დღევანდელი საქართველოს ყველაზე დიდი ტკივილი? გმირები ჩვენს თვალწინ იყვნენ და დღეს ისინი არავის ახსოვს
– დიახ, 90-ანი წლების გმირები არავის ახსოვს, ალბათ იმიტომ, რომ 25 წელია ხელისუფლებაში მოდიან სწორედ ისინი, ვინც წინააღმდეგი იყო საქართველოს გამოყოფისა იმპერიისგან, ან მათი თანამზრახველები.
25 წელია საქართველო ჯადოსნურ წრეზე ტრიალებს. ისინი შემთხვევით მოხვდნენ თავისუფალი საქართველოს ხელისუფლებაში, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირები და თავად დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, ზვიად გამსახურდია არავის ახსოვს.
მე მგონია, რომ მათ ზვიადის სახელის ხსენებისაც კი ეშინიათ. აბა, სხვას რას მივაწეროთ პანიკური შიში მისი სახელის ხსენებისა?
ომს გამართლება არასდროს  აქვს, თუ ის  სამშობლოს დაცვას არ გულისხმობს, ამ ომს, მით უმეტეს,  არ აქვს გამართლება, იმიტომ რომ თავისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული…
– თქვენს პოეზიაში პატრიოტული და რელიგიური თემატიკა წამყვანია, მაშინ, როცა დღეს „პატრიოტიზმი“ და „ეროვნული“, ასე ვთქვათ, მოდაში აღარაა… და იოლიც არ არის სამშობლოზე  ორიგინალურად სათქმელის გადმოცემა…
ჩემი შემოქმედება მთლიანად პატრიოტული და რელიგიური თემაა. ეს არის ის, რაც მტკივა, რაც მიყვარს და მაწუხებს. ეს არის ჩემი სულის ამოძახილი.
მოდაში რაა, არ მაინტერესებს, განა მოდას ექვემდებარება სამშობლოს განცდა? არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ. მე მტკივა ჩემი ქვეყნის ისტორია და მეც და ჩემი შემოქმედებაც ამ ისტორიას ვეკუთვნით.
ხშირად მიემგზავრებით საფრანგეთში, შვილთან… მეგობრობთ მართლმადიდებელ მოძღვართან – მამა ჟილბერტთან… რას ეტყოდით ქართულ ემიგრაციას?
– საფრანგეთში ჩემი ოჯახი ცხოვრობს. საფრანგეთში მრავალი მეგობარი მყავს, ქართველებიც და ფრანგებიც. ვმეგობრობ მართლმადიდებელ ფრანგ მოძღვართან, მამა ჟილბერტ დე ბღუნიესთან და მის მეუღლესთან, მხატვარ სარა დებღუნიესთან. მათ უყვართ ქართველები და საქართველო.
მამა ჟილბერტ დე ბღუნიეს ქართველები  უფლისადმი მათი ერთგულების გამო უყვარს. მის მრევლში პატიოსანი და მორწმუნე ქართველები არიან, მამა ჟილბერტი და სარა  2 წლის წინ საქართველოში იყვნენ, იმოგზაურეს მცხეთაში, ჯვარზე, შიო მღვიმეში, გორში, უფლისციხეში, ვარძიაში და გაოცებულებმა, აღფრთოვანებულებმა დატოვეს საქართველო
მისი ისტორიის, წმინდანთა სიმრავლისა და ადგილმდებარეობის გამო.
აი, რა მითხრა მამა ჟილბერტმა: თქვენ უნიკალური ისტორიისა და კულტურის ქვეყანა გაქვთ, თქვენი რწმენა უნიკალურია და გთხოვთ, არ დაკარგოთ ეს კულტურა, ამისთვის იბრძოლეთ, თორემ ყველაფერი ცუდად იქნება, თუ ვერ შეინარჩუნებთ იმას, რაც გაქვთო. ჩვენ ეს უკვე გამოვცადეთ და  თქვენც იგივე  რომ დაგემართოთ, უკან ვეღარაფერს დაიბრუნებთო.
საქართველოში ჩამოსვლას კიდევ აპირებენ…
ქართულ ემიგრაციას კი, შინ დაბრუნებას ვუსურვებ და მინდა დაბრუნების შემთხვევაში აქ დახვდეთ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ოცნებობენ.
თქვენი მოძღვარი კარგად იცნობს თქვენს პოეზიას
– მამა გიორგი პავლოვისთვის ცნობილი იყო ჩემი რელიგიური და პატრიოტული ლექსები, ხშირად მრევლს თურმე ჩემი ლექსებით ელაპარაკებოდა.
მან ჩემი გაცნობა მოინდომა და წირვაზე მიმიწვია, რაც მე ლეილა არჩემაშვილმა  მაცნობა…
წავედი სოფელ გიორგიწმინდაში  წირვაზე, წირვის მერე მამა გიორგიმ სახლში თავისთან მიმიწვია, მამა გიორგის  ჩემი წიგნი „თმოგველი“  ვაჩუქე, მან თავისი ხელით გაკეთებული ნათურა და მაყვალზე დამზადებული კოქტეილი დამაგემოვნებინა, გამომატანა კიდეც მოხიბლული და აღფრთოვანებული დავრჩი ტაძრის სილამაზისა და მრევლის გამო.
– პარიზი და თბილისი… – ამ ორი ქალაქის განცდა თქვენს შემოქმედებაში… საინტერესოა პარიზული ლექსების ნოსტალგია… ერთი ლექსი პარიზული ციკლიდან…
მრავალი ლექსი ვუძღვენი საფრანგეთს, პარიზს. მისი მადლიერი ვარ, მან ხომ გულში ჩაიხუტა ჩვენი შვილები… ამისრულდა ჩემი ოცნების ქალაქის ნახვა, მაგრამ იქ ჩასულს ორ დღეში ისევ სამშობლოს ნოსტალგია მეწყება…  პარიზი მართლა ძალიან ლამაზი ქალაქია და უზომოდ მიყვარს… როცა იქ ვარ, თბილისს მახსენებს, ბევრი უბანი ჰგავს თბილისის ქუჩებს, თან მისი ისტორია, რევოლუციები, კულტურა მხიბლავს. აი, ჩემი ერთი ლექსი – „პარიზი“:

პარიზი                                                                                                                  

დიდებული ხარ, დიდებული, დიახ, პარიზო,
მუზას აღვიძებ შემოქმედში, ამით ხალისობ,
ლუვრის კედლები ვეღარ იტევს ანტიკურ ხანას,
არეულია ერთმანეთში ფერების გამა.
კედლიდან გვიმზერს ბოტიჩელი, დიდი გოია,
თვით მურილიო შენი ნებით სივრცეს მოიარს.
მირაბოს ხიდზე ამადეოს უყვარდა გავლა,
პაბლოსთან ფუნჯით შერკინება, კამათში დაღლა.
მერე ერთურთში გალანძღული ტილოს ფერება,
მათი ასეთი მეგობრობა უფალს ენება.
შენს ვრცელ ქუჩებში დღესაც არის მუზებით თრობა,
„ავე მარიას“ გალობაში თენდება შობა.
გაქვს საამაყო, ლეგენდა ხარ, დიახ, პარიზო,
მუზას აღვიძებ შემოქმედში, ამით ხალისობ!

– როგორ დაიწერა ლექსი „შოთა რუსთაველი რომში“?
– ლექსის – ,,შოთა რუსთაველის“ დაწერის ისტორია ასეთია: რომში სტუმრობდა მეცნიერი  გია კვაშილავა და მას იქ აჩვენეს ვილა ბორგეზეზე ადგილი, სადაც უნდა დადგმულიყო ძეგლი, ადგილი იმ მოქანდაკეს უყიდია, ვინც ძეგლს დგამდა, მაგრამ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფალი ჩვენს მოქანდაკეზე ნაწყენი ყოფილა და იტალიას უარი უთხრა, რუსთაველის ძეგლი არ მინდაო.
ადგილი გაყიდულა და შემდეგ დიდ შოთას პატარა ბიუსტი დაუდგეს. ამან იმოქმედა ჩემს გრძნობებზე და ასე დაიწერა ეს ლექსი.
–  სხვა მწერლების შემოქმედებას უამრავი წერილი მიუძღვენით… რომელი მწერალი გიყვართ გამორჩეულად?
– გამორჩეულად მიყვარს:კონსტანტინე გამსახურდია, ლევან გოთუა, ლადო ასათიანი, ვაჟა-ფშაველა…
– შვილი კახა გოხელაშვილი საფრანგეთში ცხოვრობს ოჯახით…  ადრე კახაც წერდა ლექსებს. ახლა თუ აგრძელებს შემოქმედებით მუშაობას?
ჩემი შვილი კახა ბავშვობაში ლექსებს წერდა, შემდეგაც – ყრმობაში. ახლა ცდილობს, თარგმანში იმუშაოს, თუმცა ამისთვის დრო თითქმის არა აქვს, ბევრს მუშაობს…
კახამ დაიწყო ჩემი ლექსების თარგმნა ფრანგულ ენაზე, მაგრამ ჯერ არ დაუსრულებია. დროც არა აქვს, დამუშავების პროცესშია წიგნი, ალბათ, მალე დაასრულებს, ვნახოთ. ამ წიგნში მხოლოდ მხოლოდ ის ლექსები შევა, რომლებიც საფრანგეთს ეძღვნება –  ლექსები საფრანგეთზე.
რძალი მარიანა პარიზი ფრანგია, ნორმანდიაში დაიბადა და გაიზარდა. მისი მშობლები დღესაც იქ ცხოვრობენ.
მყავს 2 შვილიშვილი, მაია 6 წლისაა, გაბრიელი 17 ივლისს. 4 წლის გახდება.
მარიანა ცდილობს, ბავშვებმა მშობლიური ქართული ენა ისწავლონ და ამ ენაზე
მეტყველება და აზროვნება შეძლონ, ამას დიდი მონდომებით აკეთებს, თავისუფალ დროს დაჰყავს ქართულის გაკვეთილებზე. უყვარს საქართველო და აქ ცხოვრებაზე უარს არ იტყვის, თუ სამსახური ექნება.
– რაზე იქნება ახალი კრებული?
– სურვილი მაქვს, ლექსების კრებული გამოვცე ასე, 400 – გვერდიანი… ისევ პატრიოტულ თემაზე იქნება.
–  ჰობი…
– ჩემი ჰობია  წიგნების კითხვა და კარგი ფილმის ყურება. ასევე საჭმელების კეთება და სამზარეულოში ტრიალი… ჩაქაფულის, ჩქმერულის და ხინკლის მომზადება. ფრანგული სამზარეულოს ძირითადი კომპონენტი ღვინოა და მათი კეთებაც მიყვარს.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები