გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს სამუშაო სადილზე შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო – სლოვაკეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის.
გიორგი მარგველაშვილმა რეგიონული ურთიერთობების განვითარების ჭრილში შეხვედრისას შავი ზღვის რეგიონსა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატში ურთიერთობებს და მიმდინარე წელს დაგეგმილ სამიტს, რომელიც ურთიერთობების შემდგომ პროგრესულ განვითარებაზე იმუშავებს.
მხარეებმა ის შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც ორივე ქვეყანას აქვს ტურიზმის განვითარების სფეროში. გამოითქვა მოსაზრება, რომ ორმხრივ ურთიერთობებს დამატებით სტიმულს შესძენს პირდაპირი ავიარეისების არსებობა. აღინიშნა, რომ ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის პროგრამა, ასევე TEN-T- ის ძირითადი ქსელის პროექტები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები – მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე და ადა მარშანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები