თამარ კორძაია: ეს არის პროექტი, რომელიც მუსოლინის იდეებს ეყრდნობა

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო პროექტი გააკრიტიკა და „ქართული ოცნება“ ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაში დაადანაშაულა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, კონსტიტუციის პროექტში ბევრი პრობლემური საკითხია, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია პრეზიდენტის არჩევის საკითხი და გამოთავისუფლებული მანდატების გადანაწილების წესი. ყოფილმა პარლამენტარმა პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარეც გააკრიტიკა, კობახიძე მან უხეშობაში და სიხისტეში დაადანაშაულა.
„ წარმოდგენილ საკონსტიტუციო პროექტში არაფერი შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოქალაქე გამოხატავს საკუთარ პოზიციას პრეზიდენტის არჩევის საკითხთან და მანდატების გადანაწილების წესთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარე „ნიჭიერი“ აღმოჩნდა, იმ თვალსაზრისით, რომ საოცრად ხისტი და უხეში აღმოჩნდა საკუთარი პოზიციების დაცვაში. უზრდელობის და ზრდილობიანი მოპყრობის ზღვარზეა, როდესაც საკუთარ არგუმენტებს ასაბუთებს. ნათლად ჩანს, რომ ისინი არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ არიან, ერთადერთი, ვენეციის კომისიის დასკვნაზე ვართ დამოკიდებული მთელი ქვეყანა. პრეზიდენტის არჩევს და მანდატების გადანაწილების წესი ფუნდამენტურია, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა გულისხმობს, რომ პარლამენტს უნდა ჰქონდეს მეტი ძალაუფლება . თუ პარლამენტში არ იქნა დაბალანსებული ძალები და არ იქნა მრავალპარტიული, მაშინ ასეთი ცვლილებები ხელს შეუწყობს იმას, რომ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა დამყარდება საქართველოში. სწორედ ამიტომ ხდება ამ ორ საკითხზე ხაზგასმა. თუმცა „რესპუბლიკელებს“ მიგვაჩნია, რომ ასევე უმნიშვნელოვანესია თვითმმართველობის განვითარება. ამ კონსტიტუციის პრობლემაა სასამართლო სისტემა და მისი დამოუკიდებლობის გარანტიების მკაფიოდ უზრუნველყოფა, ამ კონსტიტუციის პრობლემაა ადამიანის უფლებების თავი, რომელიც ჩაკეტა კონსტიტუციამ. ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვა შემოფარგლა კონკრეტული უფლებებით და მას არ აღიარებს როგორც განვითარებად სფეროს. პრობლემები ამ კონსტიტუციას აქვს, მაგრამ ამ წუთას, საქართველოს მოქალაქეები დგანან იმ საფრთხის წინაშე, რომ ხელისუფლებამ ძალაუფლების უზურპაცია არ მოახდინოს . „ქართულმა ოცნებამ“ ვერ უნდა შეძლოს მომავალ არჩევნებში დაუმსახურებლად მანდატების მიტაცება, ანუ გაუნაწილებელი მანდატებით უმრავლესობის შექმნა. ხელისუფლებაში მოსულმა ვერც ერთმა პარტიამ ვერ უნდა შეძლოს ძალაუფლების მიტაცება. ეს არის პროექტი, რომელიც მუსოლინის იდეებს ეყრდნობა, იმიტომ, რომ იტალიაშია მსგავსი მექანიზმი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები