საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვის კონკრეტული თარიღი ამ დღეებში დაზუსტდება

“საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვის ზუსტი თარიღი ამ დღეებში დაზუსტდება”, – ამის შესახებ „კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, როდის და რა ფორმატში გაგრძელდება საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვა, ჯერჯერობით უცნობია.
დეპუტატმა დღევანდელი საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვის ჩაშლის ფაქტი წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა.
„ამ დღეებში დავაზუსტებთ, როდის და რა ფორმატში გაგრძელდება საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვა. ფაქტია, რომ მისი ჩაშლა წინასწარ იყო პროვოცირებული გარკვეული ძალების მხრიდან, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხებთ, რომ პროექტის საყოველთაო განხილვა მშვიდ და კონსტრუქციულ ფორმატში გავაგრძელოთ“, – აღნიშნა „კვირასთან“ მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო პროექტის რიგით მე-11 საყოველთაო განხილვა თბილისში ჩაიშალა. საყოველთაო განხილვის დაწყების შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარეს ფილარმონიაში შეკრებილმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა არ მისცა. სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება საბოლოოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები