„ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით ძალაში რჩება ის გზავნილი, რომელიც ჩაიდო კონსტიტუციაში 1995 წელს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით ძალაში რჩება ის გზავნილი, რომელიც ჩაიდო კონსტიტუციაში 1995 წელს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აგნამრტა, ამ გზავნილის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არ გადაისინჯოს ტერიტორიულ მოწყობას მანამ, სანამ მთელ ტერიტორიაზე არ აღდგება საქართველოს სრული იურისდიქცია.
„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო დღეს არსებული კონსტიტუციის დახვეწა და ეს ამოცანა დაგვისახა ჩვენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, საქართველოს პარლამენტმა. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ საჭიროებს დღეს მოქმედი კონსტიტუცია დახვეწას. დღეს მოქმედებს კონსტიტუცია, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, არ არის თავსებადი სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, მათ შორის, დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რაც აღნიშნული იყო ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში, შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან’, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუცისს მეორე პრობლემა იყო ის, რომ ის აყალიბებს საპარლამენტი მმართველობის საკმაოდ დაუხვეწავ სისტემას, რაც, ასევე, იყო აღნიშნული ვენეციის კომისიის დასკვნაში. „ჩვენი მეორე ამოცანა იყო ამ დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის ჩანაცვლება დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემით“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ მისი განცხადებით, არსებობდა მესამე პრობლემაც, კერძოდ, მოქმედი კონსტიტუცია არის გაუმართავი იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. „ვფიქრობთ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც შიქმნა ამ კომისიის მიერ, სრულად პასუხობს ამ სამ ძირითად გამოწვევას და აღწევს ამ სამ ძირითად მიზანს“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის მიერ მომზადებული ცვლილებები თავების მიხედვით გააცნო საზოგადოებას. მისი განცხადებით, პირველ თავში არის ასახული კონსტიტუციის 4 ფუნდამენტური პრინციპი: დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი. მისი თქმით, ეს პრინციპები მოქმედი კონსტიტუციის პრეამბულაშიც არის ასახული, თუმცა გაბნეული და ჩაკარგულია. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თითოეული ამ პრინციპისთვის დაგვეთმო ერთი კონკრეტული მუხლი და შეგვექმნა გარანტიები ამ პრინციპების განსამტკიცებლად.
კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პირველ თავში 4 სხვადასხვა მუხლია წარმოდგენილი, რომელიც ადგენს კონკრეტულ გარანტიებს როგორც დემოკრატიის, ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება ტერიტორიულ მოწყობას, ძალაში რჩება ის გზავნილი, რომელიც ჩაიდო კონსტიტუციაში 1995 წელს. „ამ გზავნილის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ გადავსინჯავთ ტერიტორიულ მოწყობას მანამ, სანამ მთელ ტერიტორიაზე არ აღდგება საქართველოს სრული იურისდიქცია. ვიდრე ჩვენ არ მოგვეცემა საშუალება ერთად ვისაუბროთ აფხაზეთის მოსახლეობასთან, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ტერიტორიული მოწყობის საკითხებზე, მანამდე ეს საკითხი არ გადაიხედება. ეს გზავნილი რჩება ძალაში ანუ ტერიტორიულ მოწყობას ჩვენ პრინციპულად არ ვეხებით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კონსტიტუციის ახალი რედაქციის მეორე თავით ადამიანის ძირითადი უფლებებია განმტკიცებული. „მთავარი ამოცანა იყო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება და ეს გაკეთდა კიდეც არაერთი ცვლილებით, რომელიც აისახა კონსტიტუციის მეორე თავში. კერძოდ, კონსტიტუციას ემატება ახალი ძირითადი უფლებები, რომელიც მანამდე არ იყო გარანტირებული ან არაპირდაპირ იყო გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით. ასეთია მაგალითად, ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლება, ქალისა და მამაკაციოს თანასწორობის ძირითადი უფლება, შეზღუდული შშსაძლებლობების მქონე პირთა ძირითადი უფლება, ინტერნეტის უფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა. უფლება ე.წ. კარგ მმართველობაზე, სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზე არის ცალკე მუხლი“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ფინანსების და კონტროლის, თავადაცვის და უსაფრთხოების, ადგილობრივი თვითმმართველობის თავებში კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებების შესახებ.
მისი ინფორმაციით, იხვეწება კონსტიტუციის გადასინჯვის წესი.კერძოდ, შემოდის ე. წ. ორმაგი ოტუმის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ პარლამენტის შესაბამის გადაწყვეტილებას ესაჭიროება შემდგომი მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცება იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შევიდეს ძალაში. „ჩვენ დავამატეთ ჩანაწერი გარდამავალ დებულებებს, რომლითაც ევალება ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, რომ მიიღოს ყველა ზომა, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. აქვე არის ასახული ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც არის საყოველთაოდ აღიარებული და მხარდაჭერილი საქართველოს მოსახლეობის მიერ“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონი მთლიანად ახალი რედაქციით არის შემუშავებული, რადგან მოქმედ კანონში მთელი რიგი ხარვეზი იყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა მმართველობის სისტემის ძირითად საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ძირითად კონსტიტუციურ ორგანოებთან. მისი თქმით, საქართველოში დღეს ჩამოყალიბებულია საპარლამენტო მმართველობის სისტემა. კერძოდ, 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე 2013 წელს საქართველოში ამოქმედდა საპარლამენტო მმართველობა, თუმცა არის დაუხვეწავი თავისი შინაარსით. „ჩვენი ამოცანა იყო ამ სისტემის შენარჩუნება და დაუხვეწავი საპარამენტო სისტემის დახვეწილი საპარლამენტო სისტემით ჩანაცვლება. აღნიშნული სისტემა ოთხ ძირითად ელემენტს ეფუძნება. ეს არის ძლიერი პარლამენტი, ეს არის ძლიერი ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ. მისი შეფასებით, მოქმედ რედაქციაში პარლამენტი ძალიან სუსტი ფორმით არის წარმოდგენილი. მისი თქმით, პირველ რიგში, იზრდება მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ხარისხი პარლამენტის მიმართ.
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებად პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის როლის გაძლიერება დაასახელა. „უმცირესობას ექნება საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობა. დღეს მხოლოდ უმრავლესობას შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით შექმნას საგამოძიებო კომისია. უმრავლესობის ეს უფლება იქცევა უკვე უმცირესობის უფლებად, რაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს პარლამენტის შიგნით, გააძლიერებს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის უპირატესობაზე და იმ ნეგატიურ გამოცდილებაზე, რომელიც საქართველოს ისტორიაში პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ორჯერ ბოროტად გამოყენებას უკავშირდება. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტის, როგორც პარტიული სისტემის განვითარების ხელშემშლელ ფაქტორზე. „თუ გვინდა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დაიწყოს პარტიული სისტემის ჩამოყალიბების პროცესი, ამისათვის აუცილებელია საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტის გაუქმება“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ისაუბრა ასევე პროპორციული სისტემის ისეთ ელემენტზე, როგორიცაა 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი.
მისი ინფორმაციით, 5%-იანი ბარიერის არსებობა საჭიროა იმისთვის, რომ სისტემაში პლურალიზმთან ერთად იყოს სტაბილურობა. ირაკლი კობახიძემ, ასევე, განმარტა ბონუსის ელემენტი, რაც გაუნაწილებელი ხმებისა და მანდატების გამარკვებული პარტიისთვის გადაცემას გულისხმობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქმედითი მთავრობის, ასევე, დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობის 28-მდე გაზრდა გააძლიერებს ამ კონსტიტუციურ რგოლს და შესაბამისად, ეს დადებითად აისახება მთლიანად სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე. მისი ინფორმაციით, პროკურატურა გამოდის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან და ყალიბდება როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სისტემის უმნიშვნელოვანეს ელემენტზე – ზეპარტიულ პრეზიდენტზე და ისაუბრა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებით შედის კონსტიტუციაში. მისი თქმით, სტატუსთან დაკავშირებით ძალაში რჩება სამი ძირითადი ჩანაწერი: პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, არის უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. „ამ ნიშნებმა, ჩვენ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ჩვენი სისტემის საფუძველზე დადგენილია, რომ ამ ქვეყანაში ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი არის არა პრეზიდენტი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მთავრობა, როგორც ერთადერთი უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო. იგივე ეხება უმაღლეს მთავარსარდალს – უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს , რომ პრეზიდენტი განაგებს თავდაცვის სფეროს. დღევანდელი მდგომარეობითაც, თავდაცვის სფეროს განაგებს არა პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მთავრობა. იგივე ეხება წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. ის, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი წარმართავს საგარეო პოლიტიკას“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხვალ სრულდება საყოველთაო-სახალხო განხილვა, რის შემდეგ გაგრძელდება კონსულტაციები, მათ შორის, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. „ვენეციის კომისიასთან გვექნება ასევე კონსულტაციები. ჩვენ განვაცხადეთ ძალიან მკაფიოდ, რომ არცერთი ისეთი ნორმა არ იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელიც იქნება უარყოფითად შეფასებული ვენეციის კომისიის მხრიდან. ჩვენი ეს განცხადება, რომელიც არასდროს აქამდე არ გაკეთებულა არცერთი ხელისუფლების მხრიდან, რჩება ძალაში“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა საორგანიზაციო კომისიის წევრების გამოსვლებით და ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებით და მოსაზრებებით გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები