„ეს არის ტყუილი, პოპულიზმი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა” – მამუკა მდინარაძემ და ირმა ინაშვილმა იკამათეს

რუსთავში, სადაც საკონსტიტუციო პროექტის განხილვა მიმდინარეობს, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და ”პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ირმა ინაშვილმა იკამათეს.
მდინარაძემ საარჩევნო სისტემაზე ისაუბრა.
„ძალიან ხშირად ამბობენ ჩვენი ოპონენტები, რომ ”ქართული ოცნება” თავის თავზე ირგებს კონსტიტუციას. დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზშიც ვიღაცები ეთანხმებით. მაგალითად, 2016 წლის არჩევნები რომ ჩატარებულიყო იმ მოდელის მიხედვით, რა მოდელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას, ნაცვლად 115 ხმისა, მოვიპოვებდით 103 ხმას. ნაცვლად 27 მანდატისა, ”ნაციონალური მოძრაობა” მოიპოვებდა 40 მანდატს, ”პატიორტთა ალიანსი” მოიპოვებდა 1 მანდატით მეტს. სად არის გაუმჯობესება ”ქართული ოცნებისთვის”? ეს არის ტყუილი, პოპულიზმი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძეს უპასუხა ”პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ირმა ინაშვილმა.
”თქვენ პირდაპირ ბრალს მდებთ, რომ ვატყუებ საზოგადოებას. პატივცემულო საზოგადობავ, მინდა იცოდეთ, რომ არ გატყუებთ. მე თქვენ არ გატყუებთ. მე გეუბნებით სიმართლეს და ძალიან მარტივ ენაზე ვამბობ ამას – რასაც გვთავაზობს უმრავლესობა, რომ ეს გადასანაწილებელი ხმები, დემოკრატიულად ნაწილდება, ეს არის ტყუილი, დემაგოგია და პოპულიზმი. 2016 წლის არჩევნების შემდეგ დარჩენილი ხმები თქვენ და ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაინაწილეთ გვრიტებივით. ჩვენ კიდევ 4 მანდატი გვეკუთვნოდა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები