“საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული შეთანხმება არის წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის საგარეო, ეკონომიკური მიმართულებით”

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
მინისტრის მოადგილის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს.
“საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, საქართველოს საგარეო ეკონომიკური მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, ვისთანაც ჩინეთმა გააფორმა მსგავსი შეთანხმება. ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იქნება დამატებითი იმპულსი იმისთვის, რომ საქართველოში კიდევ უფრო განვითარდეს წარმოება, გარდა ამისა, გაიზარდოს ქვეყნის ექსპორტი და რაც მთავარია, ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არის სტაბილური ქვეყანა, ქვეყანა, რომელიც დინამიურად ვითარდება და სადაც არის ყველანაირი პირობა თავისუფალი ვაჭრობისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). ყველაფერი ერთად, და ამას დამატებული ჩინეთის თითქმის მილიარდნახევრიანი ბაზარი, ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები ჩინეთთან მომავალში უფრო მეტ დინამიზმს შეიძენს. ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, აღსანიშნავია ასევე ის, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი აბრეშუმის გზის ფორმატში, ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველო დასახელებულია, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი ინიციატივისა „სარტყელი და გზა” და ვფიქრობ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, ეს ფორმატიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ამ გეოპოლიტიკურ არეალში”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები