გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილმა უფროსმა მოსამართლეს მიმართა – ეს ბიჭები გამოძიებას არ მიემალებიან

„ეს ბიჭები კრიმინალები არ არიან და არც გამოძიებას მიემალებიან“, – ამ სიტყვებით მიმართა გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილმა უფროსმა, ოლეგ ფაცაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, სადაც მისი ყოფილი თანამშრომლების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი იხილება.
“ეს ბიჭები კრიმინალები არ არიან. არც გამოძიებას მიემალებიან. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი ამათი ოჯახის წევრების მდგომარეობა”,- განაცხადა ფაცაციამ.
ოლეგ ფაცაციას 9-წლიანი პატიმრობა აქვს უკვე შეფარდებული ორი სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, სერგო თეთრაძის წამების საქმეზე. დღეს კი საქალაქო სასამართლოში ციხის ყოფილი თანამშრომლების მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატებმა 6 დაკავებულის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, 2011-2012 წლებში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები – მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს, ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები