„საქართველოში 2011-2016 წლების განმავლობაში სამუშაო ადგილზე გარდაცვალების 270 შემთხვევა დაფიქსირდა“
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი შრომის, დასაქმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში – პაატა ბელთაძე უსაფრთხო შრომის გარემოს მიმართულებით საქართველოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, აუცილებელია, ქვეყანაში ქმედითი შრომითი ინსპექცია შეიქმნას და სახელმწიფომ უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით გარკვეული სტრატეგია შეიმუშაოს.
ბელთაძის თქმით, უმძიმესი მდგომარეობაა სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დასახიჩრებულთა რაოდენობის კუთხით. მისი განცხადებით, 2011-2016 წლების განმავლობაში 270 სამუშაო ადგილზე გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
„საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს შრომის უფლებების დაცვის, უსაფრთხოების და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მხრივ. სტატისტიკა შემაშფოთებელია. საქართველოში 2011-2016 წლების განმავლობაში, სამუშაო ადგილზე გარდაცვალების 270 შემთხვევა დაფიქსირდა, ამაზე გაცილებით მეტია დასახიჩრების შემთხვევები.
ევროკავშირში ყოველ 100 000-დასაქმებულ ადამიანზე 1,8% -ია დაშავებულები, ჩვენთან კონტრაქტით დაქირავებული დასაქმებულების რაოდენობა 800 000 -მდეა, შესაბამისად, დაშავებულთა რაოდენობა 350%-ით მეტია . გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა. ქვეყანა ბიზნესზე ორიენტირებული პარადიგმების ტყვეობაშია. იმისთვის, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემო იქნეს მიღწეული, აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი რეგულაციები, უნდა არსებობდეს რეგულაციების აღსრულების ქმედითი მექანიზმი. აუცილებელია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღება. მაქვს ინფორმაცია, რომ შრომის , ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა სამინისტრო ამ საკითხზე უკვე მუშაობს. უნდა იყოს ქმედითი და სრულფასოვანი შრომის ინსპექცია, რომელიც არ იქნება მხოლოდ დაჯარიმებაზე და სანქციებზე ორიენტირებული. მას უნდა ჰქონდეს პრევენციის უმნიშვნელოვანესი როლი. რისკები უნდა შემცირდეს მინიმუმამდე. რეგულაციები უნდა განვითარდეს იმდენად, რომ საწარმოო შემთხვევები მაქსიმალურად გამოირიცხოს. ერთიანი ხედვა და სტრატეგია, თუ რა უნდა განხორციელდეს წლიდან წლამდე შრომის უსაფრთხოებისთვის, არ არსებობს. ერთადერთი მინიშნება, სამწუხაროდ, არის იმაზე, რომ ამან შეიძლება დააზარალოს ბიზნესი.
ადამიანის უსაფრთხო გარემოში მუშაობის უფლება არის მისი ფუნდამენტური უფლება. ჩვენი კანონმდებლობა დღემდე მხოლოდ დეკლარაციულად იცნობს შრომის კოდექსს, წერია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად მისაღები პირობები, მაგრამ ამის აღსრულების მექანიზმი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ილუზორული შრომის ინსპექცია, ეს ძალიან საწყისი ეტაპია. შრომის ინსპექცია შრომითი უფლებების საერთო ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს. ასოცირების შეთანხმება გულისხმობს ქმედითი შრომის უფლებების რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციის შექმნას, ასეთად კი შრომის ინსპექცია მოიაზრება“, – განაცხადა პაატა ბელთაძემ.