“დღევანდელი პრეზენტაცია კარგი შესაძლებლობაა, ქვეყანაში მოვიზიდოთ ინსტიტუციონალური ინვესტორები”

დღეს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე გაიმართა სპეციალური სესია, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს მხრიდან მმართველი, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის კუთხით არსებულ მკვეთრად პოზიტიურ დინამიკაზე, ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ზოგადად, საინვესტიციო პოტენციალზე.
დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და ამ გეგმის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზე.
ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ფისკალური რეფორმების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს და მათ გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
საუბარი შეეხო ასევე, ქვეყნის სივრცითი მოწყობის კუთხით დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენების, ისე რეგიონების ურთიერთდაკავშირების და შესაბამისად, მათი ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით.
„EBRD-ის წლიურ შეხვედრაზე დღეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე ვისაუბრეთ. ეს იყო იმ შესაძლებლობების წარმოჩენა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია საინვესტიციო მიმართულებით, ასევე, განვიხილეთ როგორ ვითარდება ქვეყანა, რა პრიორიტეტები გვაქვს, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე სტრუქტურული რეფორმების კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანაში მოვიზიდოთ როგორც ინსტიტუციონალური ინვესტორები, ასევე, ინვესტორები, რომლებიც კონკრეტული ბიზნესებით არიან დაინტერესებული”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სესიაში მონაწილეობა მიიღეს EBRD-ის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში, ბრუნო ბალვანერამ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ, „აჭარა გრუპის” გენერალურმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ.
პრეზენტაციას დაესწრნენ ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში მონაწილე დელეგაციათა წარმომადგენლები, აგრეთვე, იმ მსხვილი ქართული კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც სარგებლობენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები