ეკა ბესელიამ საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გამართული საზოგადოებრივი ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მონაწილეობა მიიღო კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ორგანიზებით გამართულ საზოგადოებრივ ფორუმში თემაზე – „საქართველოს სასამართლო სისტემა: რეფორმების შედეგები და პერსპექტივები”.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის სამი ეტაპის შემდეგ გაკეთდეს ზუსტი დიაგნოზი და სწორად დაიგეგმოს მეოთხე ეტაპი.
“საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ მართლმსაჯულების რეფორმა და სასამართლო სისტემის გაძლიერება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. კომიტეტის არეალში მოქცეული ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მნიშვნელოვან საკითხებს შორის ყველაზე პრიორიტეტულია სასამართლო რეფორმის გაგრძელება და მხარდაჭერა.
ყველაფერი შედარებითია და რომ დავინახოთ, სად ვართ ახლა, ეს რაღაცას უნდა შევადაროთ. რა თქმა უნდა, დინამიკას ჩვენ ვხედავთ და იმ მძიმე ვითარებიდან, რომელიც გვქონდა, გამოვდივართ და მივდივართ პროგრესული ნაბიჯებით წინ, მაგრამ არსად არ ვსვამთ წერტილს და არ ვამბობთ, რომ დავასრულეთ რეფორმა, ამ ე. წ. სამი ტალღის შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ სისტემის შიგნით მიმდინარე რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მონიტორინგს. რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, არის ის, რომ ამ სამი ეტაპის შემდეგ, ჩვენ გავაკეთოთ აბსოლუტურად ზუსტი დიაგნოზი, ზუსტად შევაფასოთ თუ რა მივიღეთ, სად გვაქვს ყველაზე რთული სივრცე, რომელსაც სჭირდება დახმარება, გაძლიერება, გამოსწორება და სწორად დავგეგმოთ შემდგომი, მეოთხე ეტაპი”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, სასამართლო მზად არის და აქვს მიმღეობა, დაინახოს რეალური ვითარება და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, გადადგას ნაბიჯები, რომელიც გააძლიერებს მართლმსაჯულების სისტემას და გახდის მას უფრო დამოუკიდებელს.
„მე იმედიანად ვუყურებ ამ პროცესს და მგონია, რომ შესაძლებელია, ჩვენ ძალიან მოკლე დროში ყველა სირთულე დავძლიოთ. ამისთვის საჭიროა, ძალიან გააზრებული, რაციონალური, სწორი გადაწყვეტილებების მიღება დროულად და სწორედ იმ ფორმით და მეთოდებით, რომელიც ყველაზე საუკეთესო შედეგს მიგვაღებინებს. ამის მზაობა არის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის საქართველოში.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე: კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ; ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ საქართველოში, ნიკოლას ბერლინერმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა.
ფორუმის ფარგლებში, რამდენიმე პანელური დისკუსია გაიმართა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე – მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიები.
ეკა ბესელიამ ისაუბრა სასამართლო რეფორმის ფარგლებში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების სამართლებრივი პროცედურების დახვეწაზე, მოსამართლეთა სოციალური გარანტიების გაზრდაზე, თანამდებობაზე გამწესებაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით, მოსამართლეთა მივლინების წესზე და სხვა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს ასევე, გააცნო მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტში გაკეთებული ჩანაწერი.
ფორუმზე კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წარმოადგენა კვლევის შედეგები, რომელიც მოიცავს რეფორმების ანალიზს, მიმოიხილავს სასამართლო სისტემაში უკანასკნელ ტენდენციებს, ასევე, განიხილავს საკითხებს, რომლებიც უკავშირდება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნას, გამოსაცდელ ვადას და უვადოდ დანიშვნას, მოსამართლეთა რაოდენობას და დატვირთულობას, მოსამართლეთა სპეციალიზაციას, შეფასება-დაწინაურებას, სასამართლოს ადმინისტრირებასა და მენეჯმენტს და მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემას. კვლევა მომზადებულია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” და “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ერთობლივი მუშაობის შედეგად.
საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართა USAID-ის მიერ დაფინანსებული საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (PROLoG) საშუალებით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები