რომან კაკულიამ მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მანვე მეშახტეთა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
„იქიდან გამომდინარე, რომ დიდია დაინტერესება თუ როგორია საკანონმდებლო ბაზა და ამასთან, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, აღვნიშნავ რომ, დღეისათვის ეს სფერო შრომის კოდექსის 35-ე მუხლით, წიაღის შესახებ კანონით და ასევე, სპეციალური სამთავრობო დადგენილებით არის დარეგულირებული, რომელიც უშუალოდ მეშახტეთა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით რეგლამენტს ადგენს.
„წიაღის შესახებ“ კანონის მიხედვით, დამსაქმებელს სრულიად აქვს გაწერილი ვალდებულება, რათა უსაფრთხოების ნორმები იქნეს დაცული. მან უნდა განსაზღვროს იმ პირთა წრე, რომელთაც უნდა შეიმუშაონ კანონმდებლობით გაწერილი ქმედებები, ასევე, პერიოდულად ჩაატარონ ინსტრუქტაჟი და მოახდინონ საწარმოში მომუშავე ადამიანების ინფორმირება ამ წესებთან დაკავშირებით“.
რომან კაკულიამ გუშინ მომხდარი ფაქტის წინასწარი შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ „იკვეთება ისეთი ვითარება, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ადგილზე. მაგრამ ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა და ცხადაია, ამას გამოძიება დაადგენს“.
რომან კაკულიას თქმით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დღეს მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა და შრომის ინსპექტირება უნდა გახდეს სავალდებულო. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი ხარვეზი, რომელიც უნდა გასწორდეს და პარლამენტი ჩაერთვება ამაში.
„კანონი არსებობს, მაგრამ შრომის ინსპექციის მიერ ამ კანონის შესრულების სავალდებულოობა იყო ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი, თუმცა არსებობდა და არსებობენ ის ორგანოებიც, რომლებიც ამის ზედამხედველობას ახორციელებენ. როგორც ვიცი, ამ შახტის შემოწმება უკანასკნელად 2016 წლის მარტში ჩატარდა. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და რეაგირება იქნება ადეკვატური“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები