პაპუნა უგრეხელიძემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ აზიის განვითარების ბანკის „ციფრული ფინანსური სერვისებით ინოვაციების დანერგვის” პროექტის კონსულტანტებს უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის საკითხებს ეძღვნებოდა.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს. საჯარო რეესტრის ინოვაციით აზიის განვითარების ბანკის კონსულტანთა ჯგუფის დაინტერესებაც ამ ფაქტორმა განაპირობა.
პაპუნა უგრეხელიძემ სტუმრებს უძრავი ქონების შესახებ ამონაწერების ბლოკჩეინში ასახვის პროექტის დეტალები გააცნო და ვრცლად განუმარტა მოქალაქის მიღებული სარგებელი. ბლოკჩეინში ინტეგრირებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაქციები მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.
2017 წლის 20 თებერვლიდან, ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბიტკოინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება. ბიტკოინის ქსელში მოხვედრილი მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. ტექნოლოგია ნებისმიერი სისტემის უსაფრთხოების გარანტორია და განხორციელებული ტრანზაქციების დაცულობას, მოქნილობას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ტრანზაქცია, რომელიც ბლოქჩეინ სისტემაში მოხვდება, ელექტრონული წესით, რამდენიმე ადგილას იქნება დაცული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვის კუთხით.
შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის „ციფრული ფინანსური სერვისებით ინოვაციების დანერგვის” პროექტის კონულტანტები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფინანსო სფეროებში გამოყენების პერსპექტივით დაინტერესდნენ და შესაძლო სარგებელზე იმსჯელეს.
„ციფრული ფინანსური სერვისებით ინოვაციების დანერგვის” პროექტის მიზანია ფიზიკურ პირებს და მცირე და საშუალო მეწარმეებს ფინანსებთან წვდომა გაუადვილოს, მოხდეს გადასახადების დიგიტალიზება  და ნაღდი ფულით ტრანზაქციები შემცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები