რა ვითარებაში დაიღუპნენ მაღაროელები – “ამწევი დანადგარი ასხლტა”

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი, თამაზ დოლაბერიძე ტყიბულში ელიზბარ მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ ტრაგედიის დეტალებს ახმაურებს.
„2017 წლის 9 მაისს, 17:20 საათზე, შპს ,,საქნახშირი“-ს (ჯი აი ჯი ჯგუფი) ტყიბულის ელიზბარ მინდელის სახელობის შახტაზე ჯგუფური საწარმო შემთხვევა მოხდა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა.
საშახტო აწევის ზეინკლები: ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე და გიზო კუბლაშვილი სატვირთო ლიფტზე (,,კლეტი“) სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ.
მათ ექსპლოატაციიდან გამოიყვანეს ამწევი დანადგარი, რათა მოეხდინათ ამწევი ბაგირის (,,ტროსის“) შეცვლა. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, ამწევი დანადგარი ასხლტა საფიქსაციო საყრდენიდან და შახტაში ჩავარდა, რომლის სიღრმე 350 მეტრზე მეტია, შესაბამისად, ზეინკლები, რომლებიც ამ დროს დანადგარის თავზე იმყოფებოდნენ, თან ჩაიყოლა.
10 მაისს, დილის 6 საათზე სამაშველო სამსახურებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, დაასრულეს ძებნის ოპერაცია. ოთხივე ზეინკლის ცხედარი ამოყვანილი იქნა 400 მეტრის სიღრმიდან.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შრომის დაცვის ნორმების დარღვევა იკვეთება სამუშაო ადგილის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მომზადების პროცესში. დანარჩენი დეტალები კი კვლევის საგანი გახდება, არ არის გამორიცხული გამოიკვეთოს შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული სხვა დარღვევებიც.
ფაქტის კვლევის კომისიის მუშაობაში, რომელიც შეიქმნება უახლოეს პერიოდში, პროფკავშირის შრომის დაცვის ინსპექტორებიც მიიღებენ მონაწილეობას.
დარგობრივი პროფკავშირის განცხადებით, ეს ფაქტი, 2010 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე ჯგუფური შემთხვევაა და მასში ბრალი მიუძღვის ყველას, ვინც დღემდე უშლის ხელს შრომის ინსპექციის შექმნას და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე კონვენციის რატიფიცირებას.
ალეკო ჭელიშვილი 2010 წლიდან ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის კომიტეტის წევრი და ამავე დროს მისი დამფუძნებელი იყო, პროფკავშირის წევრი იყო ვიქტორ დაღუნდარიძეც.
2009 წლიდან დღემდე, ბოლო შემთხვევის ჩათვლით, ტყიბულის შახტებზე 25 ადამიანი გარდაიცვალა და 19 დაშავდა „ – აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტყიბულში მომხდარი შემთხვევის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები