„კიდევ ოთხ ადამიანს ვერ ვუშველე ვერაფერი, ვყვირი, ვყეფ, რად გინდა, გადაწყვეტილების მიმღები ტიპები არც კი გისმენენ“

„კიდევ ოთხ ადამიანს ვერ ვუშველე ვერაფერი, ვყვირი, ვყეფ, რად გინდა? გადაწყვეტილების მიმღები ტიპები არც კი გისმენენ“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე ტყიბულში გუშინ მომხდარ ტრაგედიას.
როგორც თამაზ დოლაბერიძე აღნიშნავს, მას ამ ტრაგედიის შემდეგ უფრო და უფრო ეზიზღება საკუთარი პროფესია.
“აი… არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რა ვთქვა ან რა მოვიმოქმედო. დავქოქე ავტომობილი და მივდივარ ტყიბულში, მაგრამ თანდათან ჩემი სამუშაოს მიმართ ზიზღი მეუფლება. მძულს ის საქმე, რასაც ვაკეთებ, იმიტომ, რომ კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა – კიდევ ოთხი ტყიბულელი მეშახტე. კიდევ ოთხ ადამიანს ვერ ვუშველე ვერაფერი, ვყვირი, ვყეფ, რად გინდა? გადაწყვეტილების მიმღები ტიპები არც კი გისმენენ.
დღეს, 17:00 – 18:00 საათების შუალედში, ტყიბულის შახტების საშახტო აწევის ზეინკლები, კლეტის რემონტის დროს, შახტაში 350 მეტრზე მეტი სიმაღლიდან ჩაცვივდნენ: ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე და გიზო კუბლაშვილი.
მათ შორის, ალეკო ჭელიშვილი, 2010 წლიდან ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის კომიტეტის წევრი იყო და ამავე დროს, პროფკავშირული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი”,- წერს თამაზ დოლაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტყიბულში მომხდარი შემთხვევის ფაქტზე “გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები